საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. ელიტურმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ აქვს და, რეალურად, არაფერი კონტროლდება, არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, დამოუკიდებლობის შემდეგ ვერცერთმა მთავრობამ ვერ იპოვა ძალა, რომ ძალაუფლების დემოკრატიული ბალანსი აღედგინა.
„ელიტური კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ კრავს სანდო კასტას. ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი დოვლათს ინაწილებენ. ძალაუფლების გაღმერთება და კერპად ქცევა პირდაპირ საბჭოთა მემკვიდრეობაა, თავისი ვერტიკალით, ერთპარტიულობით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, მადლობებით, გადარჩენისთვის საკუთარი თავის დამცირებით და დამნაშავედ ცნობით, კომპრომატებით, მოსმენებითა და დასმენებით, კლანებითა და მონებით. აქ საბჭოთა სისტემაზე ვსაუბრობ. დამოუკიდებლობის შემდეგ ვერცერთმა მთავრობამ ვერ იპოვა თავის თავში ძალა და ნება, ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა და ძალაუფლების დემოკრატიული ბალანსი აღედგინა. ძალაუფლება კი ხელიდან ხელში გადავიდა, სხვა მეპატრონე გაუჩნდა, მაგრამ სისტემა ძირეულად არ და ვერ გარდაიქმნა. ეს სისტემა გულისხმობს ძალაუფლების ერთ ხელში და ერთ ვერტიკალზე კონცენტრაციას, სასამართლოს და ყველა ძალოვანი უწყებების ძალაუფლების დამხმარე ინსტრუმენტებად გამოყენებას. სასამართლო „კლანი“ სწორედ ამ მარადიული სისტემის ინკარნაციად იქცა: მურუსიძე და ჩინჩალაძე იმავე თავდადებით ემსახურებიან დღევანდელ მმართველ გუნდს, როგორც ემსახურებოდნენ გუშინდელს და თუ არაფერი შეიცვალა, ხვალაც მონახავენ ახალ პატრონს, ვისაც გამოუცხადებენ ერთგულ მსახურებას. ამ სისტემისათვის დამახასიათებელია ოპოზიციის შევიწროების სურვილი. სისტემას არ სჭირდება არც პოლიტიკური კონკურენტი და არც კრიტიკული აზრი. აქედან გამომდინარე, ავტომატურად ხდება ნებისმიერი ალტერნატივის დემონიზაცია, ანუ უაპელაციოდ მოღალატის, აგენტის, რადიკალის იარლიყის მიკერება. „ვინც ჩემს ძალაუფლებაში მეცილება, ესე იგი, ქვეყანას ებრძვის“. კომპრომატები დისკრედიტაციისა და განადგურების იარაღია, მოსყიდვა კი – რბილი ალტერნატივა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.