აქტუალური
თბილისში ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართა

 საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. თბილისში 5 თებერვალს ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც ევროინტეგრაციის საკითხებზე ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის საპარლამენტო კომიტეტების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დისკუსია შეეხო სასამართლო რეფორმებსა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას, საარჩევნო რეფორამა და მისი გავლენას დემოკრატიაზე, ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციას, მწვანე დღის წესრიგსა და გენდერულ თანასწორობას.

კონფერენციაზე გახსნითი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოვიდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კონფერენციის მიზანი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარებაა. „იმედია, საქართველოს გამოცდილებაც საინტერესო იქნება დღევანდელი ღონისძიების მონაწილეებისთვის. ახლო მომავალში ჩვენ ყველა ერთი დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვიქნებით. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, დღესვე ვიყოთ თქვენი მჭიდრო და ღირებული პარტნიორი, ასევე, ხელი შევუწყოთ დასავლეთ ბალკანეთსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს შორის თანამშრომლობის ხიდების მშენებლობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთსა და საქართველოს „ბევრი რამ აქვთ საერთო“, თუმცა „ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს გვაერთიანებს არის მიზანი – გავხდეთ ევროკავშირის წევრები“.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „ევროკავშირის კარი ასე ფართოდ ღია არასდროს ყოფილა“. მან წინა გაფართოების გამოცდილების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მთავარი გაკვეთილი არის ის, რამდენად მნიშვნელოვანია ფუნდამენტურ ღირებულებებზე – კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ფოკუსირება“, – განაცხადა ელჩმა. „გაფართოების პროცესი მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისას მისი პოლიტიკური ტრანსფორმაცია სტაბილურ დემოკრატიად, ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემით, დასრულებული და შეუქცევადი იყოს“.

ელჩმა მოკლედ შეადარა ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთისა და საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. მან ბალკანეთის ქვეყნები რეფორმებში გაწეული ძალისხმევისთვის შეაქო, და ამავდროულად ბალკანეთთან შედარებით საქართველოს უპირატესობას გაუსვა ხაზი, მისი ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გამო.

ელჩის თქმით, პარლამენტის როლი გადამწყვეტია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ რეკომენდირებული რეფორმების განხორციელების საქმეში. „მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, სერიოზულად მოეკიდონ ამ რეფორმებს. დასავლეთ ბალკანეთის გამოცდილება ისაა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც რეფორმებს ასე მოეკიდებიან, უფრო სწრაფად წაიწევენ წინ, ვიდრე ისინი, რომლებიც მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებს განახორციელებენ“.