აქტუალური
რუსი მესაზღვრეები რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზურ მონაკვეთზე კონტროლს ამკაცრებენ

 საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. რამდენიმე აფხაზმა პოლიტიკოსმა, საზოგადო მოღვაწემ და ჟურნალისტმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზურ მონაკვეთზე, ფსოუს გამშვები პუნქტის მეშვეობით რუსეთში გადასვლისას FSB-ს მესაზღვრეები მათ შეფერხებებს უქმნიან და ხანგრძლივ დაკითხვებს უწყობენ.

ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვებები იუწყებიან, რომ რუსი მესაზღვრეები ამგვარ საუბრებს „მეგობრულ საუბრებს“ უწოდებენ. გადაკვეთის მსურველებს ეკითხებიან, აქვთ თუ არა ანტირუსული განწყობები და ინტერესედებიან მათი შეხედულებებით აფხაზეთში განვითარებულ მოვლენების, კერძოდ ბიჭვინთის აგარაკის 49-წლიანი იჯარით რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. მათ ასევე ეკითხებიან, რას ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე ოკუპირებული რეგიონის ლიდერის ასლან ბჟანიას და მთავარი დიპლომატის ინალ არძინბას შესახებ. ვრცელდება ხმები, რომ მესაზღვრეებმა შესამოწმებელ პირთა სპეციალური „შავი სიები“ მიიღეს.

ამ ამბავმა განსაკუთრებით დიდი რეზონანსი გამოიწვია აფხაზი ჟურნალისტების, მათ შორის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ინალ ხაშიგის დაკავების შემდეგ. იგი წერდა, რომ ის ერთ-ერთი აფხაზია, რომელიც „მმართველებმა (ამაში ეჭვი საერთოდ არ მეპარება) მეგობარი, თუმცა უცხო ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს გადასცეს და ახლა ჩვენ ყოველ ჯერზე ცოტა ხნით მაინც გვაკავებენ“.

აფხაზი უფლებადამცველის ანა ქიშმარიას პრეს-სამსახურმა 30 იანვარს განაცხადა, რომ მის სამსახურს რამდენიმე პირი ანონიმურად დაუკავშირდა და დაკავებების შესახებ ინფორმაციის შეფასება სთხოვა.

ადგილობრივი მედია ასევე იტყობინება, რომ აფხაზეთის მაცხოვრებლებს, რომელთაც რუსული პასპორტები არ აქვთ და მხოლოდ ადგილობრივი აფხაზური დოკუმენტებით გადაადგილდებიან, რუსეთში შესვლაზე უარს ეუბნებიან. მესაზღვრეები ორმაგი მოქალაქეობის მქონე რუსეთის მოქალაქეების გადაადგილების შესახებ რუსული კანონიდან ამონარიდს იშველიებენ, რომლის თანახმადაც, რუსეთის ხელისუფლება მათ რუსეთის მოქალაქეებად განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე აფხაზეთის მცხოვრებლებმა რუსეთთან საზღვრის გადაკვეთისას მხოლოდ რუსული პასპორტები უნდა გამოიყენონ. აფხაზეთის „ტელეგრამის“ არხები იტყობინებიან, რომ 2024 წლის 1 მარტიდან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები მხოლოდ რუსული პასპორტებით შეძლებენ საზღვრის გადაკვეთას. ხოლო რუსეთის მოლაქეობის არმქონე პირები „აფხაზური პასპორტით“ შეძლებენ გადაადგილებას.