საზოგადოება
სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გამოქვეყნდა

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ გამოქვეყნდა.

სამთავრობო პროგრამაში, რომელიც დღეს, განახლებულ მთავრობასთან ერთად საქართველოს პარლამენტს წარედგინა, საუბარია შემდეგ საკითხებზე: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო მმართველობა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, გაგრძელდება ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აქტიური თანამშრომლობა, მათ შორის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით ათვალისწინებული პრიორიტეტების მიმართულებით, რომელიც სხვა მიმართულებებთან ერთად, ხაზს უსვამს შავ ზღვაზე საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობას. ამასთან, აღნიშნულია, რომ 2023 წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა როგორც ქვეყნის განვითარების დღის წესრიგი, ასევე, ახალი შესაძლებლობები გააჩინა საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო სამ წელიწადში შესაძლებელი გახადა სწრაფი და ეფექტური ფისკალური კონსოლიდაცია. ამასთან, აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნის საგარეო ეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინასწარი შეფასებით, 2023 წელს ჩამოცდა 5%-ს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში - მისი 4.0 პროცენტამდე შემცირებაა მოსალოდნელი.

ჯანმრთელობის დაცვაზე საუბრისას დოკუმენტში ნათქვამია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით კვლავ უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურებით უნივერსალური მოცვა. ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება სერვისების სპექტრის გაზრდის მიზნით - დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკიდან რეაბილიტაციის ჩათვლით.

რაც შეეხება სახელმწიფო მმართველობას, დოკუმენტის თანახმად, მთავრობა ხელს შეუწყობს მის ხელთ არსებული ანტიკორუფციული მექანიზმების კიდევ უფრო გაძლიერებასა და ეფექტიან საქმიანობას.