საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1 თებერვალს დაადგინა, რომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული „საქმის სამართლიანი განხილვის უფლება“. სასამართლოს თქმით, შალვა თადუმაძე, რომელიც ყოფილი გენერალური პროკურორი იყო, მოგვიანებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა, რამაც სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა გამოიწვია. სასამართლომ არ დააკმაყოფილა უგულავას საჩივრის მეორე ასპექტი, რომელიც სასამართლოს კანონიერებას ეხებოდა.
2020 წელს, უზენაესი სასამართლოს სამკაციანმა კოლეგიამ, რომელშიც ყოფილი გენერალური პროკურორი და აწ უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძე, გიორგი შავლიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი შედიოდნენ, ევროპული საქართველოს მაშინდელი ლიდერი გიგი უგულავა მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სტრასბურგის სასამართლოს თქმით, უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის შეყვანა საკმარისი იყო სასამართლოს „ობიექტურ მიუკერძოებლობაში“ ეჭვის შესატანად.
სასამართლო მიუთითებს, რომ არ არის ნაჩვენები ან არგუმენტირებული, რომ მოსამართლე შალვა თადუმაძე ფლობდა ან გამოხატავდა რაიმე პირად განწყობას, რამაც შეიძლება ეჭვი შეიტანოს მის ობიექტურ მიუკერძოებულობაში. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ უგულავას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსამართლე შალვა თადუმაძემ, ფაქტობრივად, ორმაგი როლი ითამაშა მის სისხლის სამართლის საქმეში. გარდა ამისა, სასამართლოს თანახმად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ თადუმაძე ოდესღაც საქართველოს გენერალური პროკურორი იყო, არ წარმოადგენდა მის არაობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.
თუმცა სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ თადუმაძე საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობდა, როდესაც უგულავას საქმე საქართველოს სააპელაციო სასამართლოში განიხილებოდა.
სასამართლოს თქმით, უგულავამ უარი თქვა სამართლიანი დაკმაყოფილების მოთხოვნის უფლებაზე.
სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა სამწუხაროდ ოლიგარქის შაპიტოა“.