აქტუალური
2024 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 0.0% იყო

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 2 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 0.0% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.3%-ით გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (9.2%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (4.3%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (3.5%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (3.3%-იანი კლება); და სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (2.4%-იანი კლება).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.7%-იანი ზრდა); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (1.4%-იანი ზრდა) და საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (3.3%-იანი კლება).

რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები იანვარში გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.9%); ხილი და ყურძენი (4.7%); შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.9%); თევზეული (2.9%); ზეთი და ცხიმი (2.1%); რძე, ყველი და კვერცხი (1.7%).