საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტს და მოძრაობა „ტალღის“ დამფუძნებელს, ნატა ფერაძეს სამების საკათედრო ტაძარში სტალინის გამოსახულებიან მატრონას ხატზე საღებავის შესხმის გამო ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდა.
9 იანვარს, ნატა ფერაძემ წმინდა მატრონას ხატს ლურჯი საღებავი შეასხა, ამ აქტის ამსახველი ფოტოები კი სოციალურ ქსელში გაავრცელა. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება „წვრილმანი ხულიგნობის მუხლით“ დაიწყო. ფერაძე ამბობდა, რომ მან ამ შემთხვევის გასაჯაროების შემდეგ ტელეფონზე მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. ფერაძემ აღნიშნული მუქარების შესახებ პოლიციასთან განაცხადა.
ტაძარში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, 10 იანვარს ულტრაკონსერვატიული, ანტიდასავლური, პრორუსული და ჰომოფობიური პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრაობა / ალტ-ინფოს” ორგანიზებით, ნატა ფერაძის სახლთან დემონსტრანტები შეიკრიბნენ. დემონსტრანტები ნატა ფერაძის სახლიდან გამოსვლას და მის მიერ “ხატის შეურაცხყოფის” ახსნა-განმარტებას მოითხოვდნენ.
13 იანვარს პარლამენტის მახლობლად გამართულ კიდევ ერთ აქციაზე, პარტიის ლიდერებმა შეკრებილებს მიმართეს და განაცხადეს, რომ წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფას არავის აპატიებდნენ. მათ ყველა პასუხისმგებელი პირის სათანადოდ დასჯა მოითხოვეს.