საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა.
როგორც „ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყრილობაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, პარტიის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე იქნება და მას წარმატებები უსურვა. ყრილობაზე სიმბოლური კენჭისყრაც გაიმართა.
„მინდა, სიმბოლურად გთხოვოთ ყველას, რომ გამოუცხადოთ მხარდაჭერა პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. ყრილობისგან აქვს სრული ლეგიტიმაცია და მანდატი მინიჭებული ირაკლი კობახიძეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.
„მინდა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი დასახელებისა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადავუხადო პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარტიის ყრილობამდე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს.
ირაკლი კობახიძე მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს, რის შემდეგაც ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 29 იანვარს განაცხადა.