სამართალი
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ისინი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციასა და შენობის დემონტაჟის შესახებ მთავრობის განკარგულების შეჩერებას, ბათილად ცნობას ითხოვენ. სარჩელს კლინიკის 200-მდე თანამშრომლის ხელმოწერა ერთვის.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა, მაია სულაქველიძემ განაცხადა, პროტესტის ყველა ფორმას მიმართავენ.

„შემოვიტანეთ სარჩელი და ვასაჩივრებთ იმას, რასაც ვასაჩივრებდით ბოლო დღეების განმავლობაში. რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ მთავრობამ სრულიად უსაფუძვლო და სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ გვაქვს თანამშრომლების მიერ ხელმოწერილი საბუთი, რომელიც ერთვის სარჩელს. დაახლოებით 200 თანამშრომელი აწერს ხელს. ჩემი აზრით, პროცესი უკავშირდება ბიზნესინტერესს, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიასთან დაკავშირებით არსებობს. ეს გახდა საფუძველი უსაფუძვლო გადაწყვეტილების მიღების. მივმართეთ სამართლებრივ ფორმას, მაგრამ არ გამოვრიცხავ პროტესტის რადიკალურ ფორმებსაც, მათ შორის ქუჩის აქციებს, მიტინგს, შიმშილობას. ეს არის ჩვენი მკაფიო რეაქცია უსამართლო გადაწყვეტილებაზე, რაც მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს წინააღმდეგ მიიღო“, – განაცხადა მაია სულაქველიძემ.