აქტუალური
საქართველომ და ევროკავშირმა უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის მე-6 შეხვედრა გამართეს

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის მე-6 შეხვედრა 23 იანვარს ბრიუსელში გაიმართა, სადაც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-რელიზის თანახმად, მხარეებმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებში შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებით მზაობა დაადასტურეს, რაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასა და, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, „მხარეთა შორის ურთიერთობებში შექმნილ ახალ სტრატეგიულ ფაზას შეესაბამება“.

მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა და შემდგომი პრიორიტეტები, მათ შორის, „უსაფრთხოების სფეროში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიზნით საქართველოს მედეგობის განვითარების მხარდაჭერა“. საქართველომ და ევროკავშირმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ხელშეწყობის საკითხზე.

სხვა საკითხებთან ერთად, საქართველომ და ევროკავშირმა ასევე განიხილეს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგები, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და შერიგებისკენ მიმართული ძალისხმევა. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. ორივე მხრიდან ხაზი გაესვა ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ სრულად შესრულებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების აუცილებლობას“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.

მხარეებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი აღნიშნეს და ხაზი გაუსვეს მისიის მიერ მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა“.

სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგები, სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ფართო რეგიონში. ამ კონტექსტში, მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საერთო ინტერესს სატრანსპორტო და ენერგო რესურსების მიწოდების ალტერნატიული მარშრუტების განვითარებისადმი, მათ შორის, შავ ზღვაში საქართველოს გავლით“.

მივესალმებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და ველით, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება [ევროკავშირს] საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის წევრობის მიმართულებით ქვეყნის სტრატეგიული არჩევანის გამოხატულების სახით“, – განაცხადა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ, ენრიკე მორამ, რომელიც შეხვედრას ევროკავშირის მხრიდან თანათავმჯდოამრეობდა.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, რომელიც შეხვედრას საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდა, აღნიშნა, რომ გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან ახალ სტრატეგიულ ეტაპზე გადავიდა. ევროკავშირს მივაწოდეთ კონკრეტული იდეები უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაზრდის კუთხით, რამდენადაც საქართველო უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის ერთგული პარტნიორი და მეკავშირე რჩება ფართო რეგიონში“.

უსაფრთხოების საკითხებში საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრები ყოველწლიურად ტარდება და განიხილება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, მათ შორის, ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში არსებული საერთო ინტერესის საკითხები. პირველი ასეთი შეხვედრა თბილისში 2017 წლის ოქტომბერში გაიმართა.