საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულებაზე მთავრობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით პარლამენტში მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანათავმჯდომარეობდნენ.
შეხვედრამდე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრის დღის წესრიგი ითვალისწინებს ყველა იმ საკითხის განხილვას, რომელიც ცხრა ნაბიჯიდან გამომდინარეობს და „აქცენტი გაკეთდება იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის კომპეტენციაშია“.
ოპოზიციურმა პარტიამ „ლელომ“ შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა. პარტიის წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ პარტია თავის სამოქმედო გეგმას ხვალ წარადგენს. „ახლა არ არის ნახევარზომების, იმიტირებული პროცესების და კომისიების დრო, ახლა არის სწრაფი, გადამწყვეტი ნაბიჯების დრო“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე, რომ მისი პარტიაც აპირებს საკუთარი სამოქმედო გეგმის წარდგენას, რომელზეც პარტიას უკვე ჰქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
„რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების წარმომადგენლები სიტყვის და აღიარების დონეზე იზიარებენ ევროპის რეკომენდაციებს, შენიშვნებს, პირობას. მოლოდინი არ მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ შეიცვლის ზნეს და დეოლიგარქიზაციის პროცესს, საარჩევნო რეფორმას ან სასამართლო რეფორმას დაიწყებს“. მისივე თქმით, ოპოზიციამ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობით, სახელისუფლებო გუნდს საქმეზე ორიენტირებულ საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობა მისცა.
პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა: „რაც ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმინეთ, „ქართული ოცნება“ არ აპირებს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის საარჩევნო საკითხი, მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმა“.
„ევრო-ოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა: „არის საკითხები, რომელსაც არასდროს შეასრულებენ. ეს ეხება იმ ბერკეტების შემცირებას, რომლებიც ძალაუფლებასთანაა დაკავშირებული. არის საკითხები, რომელსაც ნაწილობრივ შეასრულებენ. არის საკითხები, რომელსაც შეასრულებენ, ვინაიდან თავად ევროკავშირმა დაბალი სტანდარტები დააწესა. მთლიანობაში, არსებითი და მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საარჩევნო, მართლმსაჯულების რეფორმა და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლება სანამ იქნება, ეს რეკომენდაციები არ შესრულდება“.
დავით კირკიტაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი: „[ქართული ოცნების წარმომადგენლები] შეეცდებიან, რომ ყველანაირად წინ აღუდგნენ ამ პროცესს. ჩვენი მიზანი და ამოცანაც ის არის, რომ მათ ამის საშუალება არ მივცეთ. საბოლოო ჯამში, მათ არ მივცეთ იმის თქმის საშუალება, რომ რაიმე პროცესი, რომელიც საბოლოო ჯამში ქართველი ხალხის სასიკეთოდ დაასრულდება, იქნა შეფერხებული ოპოზიციის მხრიდან, ან ჩვენი არმონაწილეობის გამო. ჩვენ ამ პროცესში ვმონაწილეობთ, ჩვენ შევეცდებით, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, გადადგას ეს ნაბიჯები. თუ ესენი ამას არ გააკეთებენ, გამოვალთ და საზოგადოებას სიმართლეს მოვუყვებით“.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა: „ეს იყო ძირითადად ფორმატთან დაკავშირებით, მათ შორის კონკრეტული ხედვების და განწყობის მაჩვენებელი. მაგრამ რომ გითხრათ, რომ რაიმე დიდი მოლოდინი დამიტოვა ამ შეხვედრამ, რომ ფუნდამენტური ცვლილებები იქნება, ასე არ არის“. მან ასევე განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი კვლავ შეიკრიბება უფრო კონკრეტულ საკითხებზე.
შეხვედრას არ დაესწრო რამდენიმე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების პლატფორმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ამ ორგანიზაციებმა დატოვეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა მას წერილით მიმართეს და შეხვედრაში ინდივიდუალურად მონაწილეობა ითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს და განუცხადეს, რომ მხოლოდ პლატფორმის მეშვეობით შეძლებდნენ მონაწილეობას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების პლატფორმის წარმომადგენელმა ნინო ჩხობაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორი მარტო პლატფორმით ვერ შემოიფარგლება. მან რეფორმების განხორციელების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ჩართულობისა და სამუშაო ჯგუფებში მათი მეტი მონაწილეობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.