სამართალი
ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის დაიკეტა

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საკონტროლო-გამშვები პუნქტ „ზემო ლარსის“ მიმართულებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

კერძოდ, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო შეზღუდვები საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დაწესდა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.