საქინფორმს შეწუხებული მოქალაქე დაუკავშირდა, რომელსაც საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სასწრაფოდ დასჭირდა პასპორტის შეცვლა.
„უეცრად გადაწყდა ჩემი გამგზავრება, პასპორტის ღირებულებას დამატებული დაჩქარებული მომსახურების საფასურიც გადავიხადე. პასპორტი დღეს დილით უნდა მიმეღო. ახლა საელჩოში მაგვიანდება და ასე შეფერხება შეიძლება? ამდენმა ხალხმა მოიყარა თავი, სუნთქვა ჭირს, კონდიციონერიც არ მუშაობს, ყველა ფანჯარაში მომსახურება არაა, კომპიუტერია გაფუჭებულიო... უზარმაზარ თანხებს ხომ კარგად ითხოვენ ჩვენგან?!“საქინფორმი შეეცადა, დაკავშირებოდა სამოქალაქო რეესტრის საბურთალოს სამსახურს, მაგრამ ტელეფონს არავინ პასუხობდა. რამდენიმეჯერ მცდელობის შემდეგ კი ავტომოპასუხე ჩაირთო – „აბონენტი დაზიანებულია“. ბოლოს, სამოქალაქო რეესტრის ცხელ ხაზზე ასეთი პასუხი გაგვცეს: „პროგრამული შეფერხებაა, ველოდებით ხარვეზის აღმოფხვრას. კიდევ დაგვირეკეთ და პასუხს მოგაწვდით, ასეთი რამ იშვიათად ხდება“.
ეს მოქალაქეს არ აინტერესებს, რა ინტენსივობით შეიძლება შეფერხდეს სამოქალაქო რეესტრის მუშაობა. მოქალაქის აღშფოთება სამართლიანია. იგი დაჩქარებული მომსახურების საფასურს იხდის მოთხოვნის შესაბამისად (რომელიც არცთუ ისე ცოტაა), რეესტრმა კი უნდა უზრუნველყოს მისი სრულფასოვანი მომსახურება და მოქალაქე არ შეაფერხოს.
ფინანსურს რომ თავი დავანებოთ, აუნაზღაურებს კი სამოქალაქო რეესტრი მისი გაუმართავი მუშაობის გამო დაზარალებულ მოქალაქეს მორალურ ზარალს?!
საქინფორმი