როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, „საქართველოს საელჩო უკრაინაში სინანულს გამოთქვამს 2011 წლის 18 ივლისს კიევში საქართველოს საელჩოს შენობის წინ გამართულ აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც საელჩოში შრომითი კონტრაქტის საფუძველზე მომუშავე დაცვის თანამშრომელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციის მონაწილეებსა და ფოტორეპორტიორს“.
„საქართველოს საელჩო უკრაინაში ბოდიშს უხდის აქციის მონაწილეებს, ჟურნალისტებსა და უკრაინის საზოგადოებას მომხდარის გამო. ინციდენტში დამნაშავე საელჩოს თანამშრომელი სამსახურიდან დათხოვილია“, – აცხადებენ ვაშაძის უწყებაში.შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „Комментарии“-ს ჟურნალისტს სცემა, რომელიც კიევში ქალთა მოძრაობა „FEMEN“-ის აქციას იღებდა. დაზარალებულის განმარტებით, აქტივისტები საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით ფოტოგრაფების დაკავების წინააღმდეგ თეატრალიზებულ აქციას მართავდნენ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საელჩოსთან ბუტაფორიული ფოტოაპარატებითა და პლაკატით „No Photo - No Democracy“ მივიდნენ.
როგორც ჟურნალისტი ჰყვება, ამ დროს საელჩოს შენობიდან მამაკაცი გამოვიდა და ყოველგვარი წარდგენის გარეშე აქტივისტების დაშლა დაიწყო, შემდეგ კი ფოტოგრაფებისა და ოპერატორებისგან გადაღების შეწყვეტა მოითხოვა. ჟურნალისტების აღშფოთების შემდეგ მამაკაცმა „Комментарии“-ს ფოტოკორესპონდენტს თავში ჩაარტყა.
საქინფორმი