პოლიტიკა
გიგი წერეთელი: „მეტი არგუმენტი მჭირდება, რომ ფოტოგრაფების ბრალეულობა დავიჯერო“

wereteliროგორც დეპუტატი გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, „ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორები სერიოზულ გაუგებრობაში მოხვდნენ და მას მათი ბრალეულობის დაჯერება უჭირს“. „აბდალაძესა და გედენიძეს ჩემთვისაც ბევრი ფოტო აქვთ გადაღებული და რამდენადაც მათ ვიცნობ, ნამდვილად ვერ ვიფიქრებ, რომ რამით ჯაშუშობასთან არიან დაკავშირებული. რატომღაც მგონია, ეს ადამიანები სერიოზულ გაუგებრობაში არიან მოყოლილნი. თუმცა ეტყობა, ამ გაუგებრობაში თვითონაც თავი შეყვეს“, – აცხადებს წერეთელი.

მისივე თქმით, „კატეგორიულად ვერაფერს იტყვის, თუმცა არ სურს, დაკავებული რეპორტიორები დამნაშავეები აღმოჩნდნენ“.

„მოდი, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე გეტყვით – როგორც ადამიანს, ძალიან მიჭირს მათი ბრალეულობის დაჯერება. მეტი არგუმენტები მჭირდება, რომ მათ დანაშაულში დავრწმუნდე. არც მათი ოჯახის წევრი ვარ, რომელიმეზე თავი რომ დავდო. ეს ჩემი ადამიანური სურვილია“, – აღნიშნავს წერეთელი.

ამ განცხადებით, წერეთელი, ფაქტობრივად, ეჭვქვეშ აყენებს საკუთარი გუნდის წევრთა, ამ შემთხვევაში კი, მერაბიშვილის უწყების სამართლიანობას ფოტორეპორტიორებთან მიმართებაში. საინტერესოა, რა რეაქცია ექნებათ „ნაციონალებს“ მის ამ განცხადებაზე?!

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს, რომელთაც აღიარებითი ჩვენებები უკვე მისცეს, სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტები და დაკავებულთა ადვოკატები აღიარებით ჩვენებას სარწმუნოდ არ მიიჩნევენ. მედიის წარმომადგენლები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.

 

საქინფორმი