აქტუალური
თინა ბოკუჩავა: ანტიკორუფციული ბიურო კორუფციას ვერანაირად შეებრძოლება, რადგან ყოველთვის პოლიტიკურ დავალებას შეასრულებს

 საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. ანტიკორუფციული ბიურო კორუფციას ვერანაირად შეებრძოლება, რადგან მას ინსტიტუციური დამოუკიდებლობა არ აქვს. ეს ბიურო ყოველთვის პოლიტიკურ დავალებას შეასრულებს და თავად „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების კორუფციას ვერ და არ შეისწავლის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას კითხვით მიმართეს: „„ნაციონალურ მოძრაობას“ თავისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი პიარკონსულტანტი ჯერემი როზნერი, რომელმაც პარტიას ურჩია, დეკლარაციების თემით მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ. როგორ შეაფასებთ ამას?“.

კორუფციის მიმართულებით აღქმაც ისაა, რომ, პრაქტიკულად, ქვეყანაში ელიტური კორუფცია ყოველწლიურად იზრდება. ელიტური კორუფციის აღმოფხვრას, მათ შორის, ევროკავშირი მოითხოვს. ინსტიტუციურად აუცილებელია, რომ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო არსებობდეს, რომელიც ახლა არ გვაქვს. ახლანდელი ბიურო თავად კორუმპირებული ირაკლი ღარიბაშვილის დაქვემდებარებაშია. ჯერემი როზნერს ვიცნობ. ახლა მასთან „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი ურთიერთობა არ აქვს. წარსულში რაღაც ურთიერთობა იყო, მაგრამ მაშინ ხელისუფლებაში არ ვიყავი, თუმცა ამ ადამიანთან გარკვეული შეხება მქონია. რაც შეეხება გადაფარვას და რუსულ სტილში პროპაგანდის წარმოებას, შავი პიარის ოსტატია ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც დაქირავებული ჰყავს მოშე კლუგჰაფტი. თავად არიან დაკავებული, რომ ადამიანების სიღარიბე და გაჭირვება გადაფარონ, ასევე კორუფცია და მოქალაქეების პრობლემები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.