უცხოეთი
ჯოზეფ ბორელი - „ჰამასი“ ისრაელის მიერაა შექმნილი და დაფინანსებული

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. „ჰამასი“ ისრაელის მიერაა შექმნილი და დაფინანსებული, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ესპანეთში ვალიადოლიდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბორელის თქმით, „ჰამასი“ ისრაელის მიერაა შექმნილი და დაფინანსებული, რათა “ფათჰი” პარტიის მიერ მართული პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია დაესუსტებინა.

„ჰამასი“ ისრაელის მთავრობის მიერ იქნა დაფინანსებული, რათა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, „ფათჰი“ დაესუსტებინა… გვჯერა, რომ ორი სახელმწიფოს [ისრაელისა და პალესტინის] გამოსავალი გარედან უნდა იქნას დაკისრებული, რათა მშვიდობა დავაბრუნოთ, თუნდაც ისრაელი იმეორებდეს ამ გამოსავალზე უარს, და ამის აღსაკვეთად ისინი ისე შორს წავიდნენ, რომ თავად „ჰამასი“ შექმნეს“, - განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კრიტიკის ქვეშ მოექცა 2018 წელს კატარის მიერ ღაზას სექტორის დაფინანსებისთვის, რომლის შესახებ შეთანხმებასაც ნეთანიაჰუმ, თავის დროზე, მხარი დაუჭირა. ნეთანიაჰუ უარყოფს, რომ აღნიშნულმა დაფინანსებამ „ჰამასის“ გაძლიერებაში შეიტანა წვლილი.

interpressnews.ge