სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ერთგულია ტყვიით მოწამვლის საკითხის საფუძვლიანი მოგვარების იდეისადმი

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი აქტიური ჩართულობა ევროპულ ეკოლოგიასა და ჯანდაცვის პროცესებში ცხადყოფს, რომ ჩვენ ამ მიზნის ერთგულნი ვართ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, სახელწოდებით - "ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მტკიცედ აქვს ნაკისრი ვალდებულება საკადრო და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

პატივი გვერგო გავმხდარიყავით თანამშრომლობის ახალი მექანიზმის თანათავმჯდომარე ქვეყანა და სხვა სახელმწიფოებთან ერთად გვემუშავა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპულ რეგიონში ბიომონიტორინგის საკითხებზე, რასაც გერმანია აძლევდა მიმართულებას. ამ ინიციატივის ფარგლებში 2023 წელს მინისტრთა მე-7 კონფერენცია ჩატარდა გარემოსა და ჯანდაცვის საკითხებზე. პირველ შეხვედრას თბილისმა 2023 წლის ნოემბერში უმასპინძლა. ამ შეხვედრაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში პარტნიორები შევიკრიბეთ პრიორიტეტებზე მოსაზრებების შესაჯერებლად და მონიტორინგის აუცილებლობის გამოსაკვეთად.

ამ ფასდაუდებელი პარტნიორობის კონტექსტში საქართველოს მტკიცედ აქვს ნაკისრი ვალდებულება საკადრო და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, სრულად განვავითაროთ ტყვიის შემცველობის მონიტორინგის სისტემები და სიღრმისეული კვლევები ჩავატაროთ წყაროებსა და შეხების წერტილებზე, შევიმუშაოთ რისკების განეიტრალების სტრატეგიები და სულ უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ ამ ტვირთის შემსუბუქებასა და ტყვიისგან დაცვის საქმეში.

დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს ზიარი ხედვის კოლექტიური პოლიტიკური ვალდებულების გაძლიერებისა და გაზრდისთვის, რათა მსოფლიო გათავისუფლდეს ტყვიის მოწამვლისგან, დავნერგოთ ძლიერი მონიტორინგი და მკაცრი რეგულაციები, გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამშრომლობა. საქართველო ერთგულია ტყვიით მოწამვლის საკითხის საფუძვლიანი მოგვარების იდეისადმი. მიმაჩნია, რომ გაერთიანებული გლობალური თანამეგობრობის ფარგლებში დიდ შედეგებს მივაღწევთ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველვყოფთ მეტად ჯანსაღ და კეთილდღეობის მომტან მომავალს მომდევნო თაობებისთვის. დიდი მადლობა!”, - განაცხადა პრემიერმა.