აქტუალური
მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია დეზინფორმაციის წინააღმდეგ „ეფექტიან ბრძოლას“ ითვალისწინებს

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობა „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით“ უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შექმნას გეგმავს, წერს Publika.ge. მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2023 წლის 11 დეკემბერს დამტკიცდა და ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომი არ არის. „პუბლიკას“ ინფორმაციით, მან ეს დოკუმენტი საჯარო ინფორმაციის წესით გამოთხოვის შედეგად მიიღო.

წყაროს ცნობით, სტრატეგიაში ნათქვამია, რომ მთავრობის საკომუნიკაციო პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანია უწყებათშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება, რომელიც განაპირობებს ერთიანი, თანმიმდევრული გზავნილებისა და ნარატივების ფორმირებას, რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას, საზოგადოებაში „ბუნდოვანი“ გზავნილების გავრცელების რისკის შემცირებას, კრიზისების დროს ეფექტიან კომუნიკაციას და შედეგად საზოგადოების მხარდაჭერის ზრდას სამთავრობო ინიციატივების მიმართ. დოკუმენტის თანახმად, მთავრობის იმიჯის განმტკიცება მთავრობის ერთიანი საკომუნიკაციო პოლიტიკის ძირითადი კომპონენტია.

„პუბლიკას“ ინფორმაციით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში დეზინფორმაციული კამპანიების მთავარი მიზანია საზოგადოებრივი მდგრადობის რღვევა, საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა თუ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დისკრედიტაცია. რაც შეეხება კონტრზომებს, მთავრობა ხაზს უსვამს დეზინფორმაციის მხილებისა და ფაქტებზე დაფუძნებული, მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელების აუცილებლობას.

მთავრობა მედიაწიგნიერების მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს. ამ მიმართულებით სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობის გაღრმავებაც.

„პუბლიკას“ ცნობით, დოკუმენტიდან ცნობილი ხდება, რომ სამინისტროებში შექმნილია ე.წ. მედიამონიტორინგის დანაყოფები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ როგორც ტრადიციულ, ასევე სოციალური მედიის პლატფორმებს.

2023 წლის დეკემბერში საქართველოს ვროოკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა იმ პირობით, რომ ის ცხრა რეფორმას განახორციელებს, მათ შორის შეებრძოლება დეზინფორმაციასა და უცხოურ ინფორმაციულ მანიპულირებას, ასევე ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ ჩარევას.