საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. ჩინეთში ვიზიტს ძალიან დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის უკვე გაკეთებულია განცხადება სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. ეს ვიზიტიც ამის ხელშემწყობი ღონისძიებაა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა ჩინეთში, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია იმყოფება.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველო ძალიან დიდ როლს ანიჭებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთს უზარმაზარი როლი აქვს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვანი ვიზიტი დაიწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში გვექნება შეხვედრები მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან უმაღლეს დონეზე, ასევე გვექნება შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ამ ვიზიტს ძალიან დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის არის უკვე გაკეთებული განცხადება სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. ეს ვიზიტიც ამის ხელშემწყობი ღონისძიება გახლავთ.
მეორე მხრივ, თქვენ იცით, რომ საქართველო ძალიან დიდ როლს ანიჭებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას და ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთს უზარმაზარი როლი აქვს და ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. დარწმუნებულები ვართ, რომ ვიზიტი წარმატებით ჩაივლის და ეს იქნება კიდევ ერთი ხელშემწყობი გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.