პოლიტიკა
პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია – „ერთობა სამართლიანობისათვის“ – შეიქმნა

fraqcia4ფრაქციის თავმჯდომარე „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილია. ფრაქციის შემადგენლობაში კი დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატები ჯონდი ბაღათურია, პეტრე მამრაძე, კარლო კოპალიანი, თამაზ დიასამიძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე შედიან.

ახალ ოპოზიციურ საპარლამენტო ერთობას სათავეში გია ცაგარეიშვილი უდგას, თუმცა მონაცვლეობის წესით მას ამ თანამდებობაზე მომავალი წლიდან დიმიტრი ლორთქიფანიძე შეცვლის. ლორთქიფანიძე ამჯერად ფრაქციის მდივანი ხდება, თავმჯდომარის მოადგილე კი კარლო კოპალიანია.

ფრაქციას საკუთარი წარმომადგენელი სპიკერატშიც ეყოლება – ვიცე-სპიკერის პოსტზე „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურიაა წარდგენილი.

როგორც ფრაქციაში შემავალი დეპუტატები აცხადებენ, „ახალი გაერთიანება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური პასუხისმგებლობის თამასას მაქსიმალურად მაღლა აწევს და უმრავლესობასა და უმცირესობას მონოტონურ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემს“. ფრაქციის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ „ფრაქციის შექმნით პარლამენტში მესამე პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდა“.

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით კი, „როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი, პარლამენტში ბევრად უფრო აქტიური იქნება“.

 

საქინფორმი