სამართალი
მომხმარებელთა უფლებების დარღვევები საქართველოში – კონკურენციის სააგენტოს ახალი მონაცემები

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 578 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 340 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.

ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ 2022 წლის 1 ივნისს ამოქმედდა და მიზნად ისახავს იმ საკითხების რეგულირებას, რომლებიც საქონლის შეძენა-დაბრუნებას ეხება. 2022 წლის 1 ნოემბრიდან ნებისმიერ პირს შეუძლია კონკურენციის სააგენტოში შეიტანოს საჩივარი საქონლის შეძენისას მათი უფლებების დარღვევის თაობაზე.

საანგარიშო პერიოდში სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 161 საქმეზე 98 შეთანხმება გააფორმა. ეს ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

სააგენტო აქტიურად აკვირდება კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს.

2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლის სასარგებლოდ დაახლოებით 500 ათას ლარამდე ანაზღაურდა.

აღნიშნულ პერიოდში სააგენტოს გადაწყვეტილებით დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 56 დარღვევის ფაქტი 84 საქმეზე, ხოლო 7 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 11 მოვაჭრეს 22 საქმეზე 21.283 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

ამ დროისთვის, დარღვევის დადასტურების 27 საქმეზე 14 შემთხვევაში სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები მოვაჭრის მხრიდან სრულად შესრულებულია.