საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 0.4% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.1%-ით გაიზარდა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (10.1%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (5.1%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (2.7%-იანი კლება) და ჯანმრთელობის დაცვა (3.8%-იანი კლება).
რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.9%-იანი ზრდა); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (0.9%-იანი კლება) და ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (1.1%-იანი კლება).
რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები დეკემბერში გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.1%); ხილი და ყურძენი (3.3%); რძე, ყველი და კვერცხი (1.5%); პური და პურპროდუქტები (0.6%); ყავა, ჩაი და კაკაო (0.1%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: თევზეული (-2.8%); ზეთი და ცხიმი (-1.8%); ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.2%).