საქართველო, 8 იანვარი, საქინფორმი. თურქეთში, ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საბერძნეთში გაემგზავრა.
ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ბლინკენის პირველი გაჩერება თურქეთში იყო, სადაც ის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ერდოღანმა და ბლინკენმა ღაზაში მიმდინარე კონფლიქტი და ევროპული უსაფრთხოების პრიორიტეტები განიხილეს.
„[ბლინკენმა] ხაზი გაუსვა კონფლიქტის არგაფართოების საჭიროებას, მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფას, ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებასა და მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგების შემცირებას, ასევე მუშაობას უფრო ფართო, გრძელვადიანი რეგიონალური მშვიდობისადმი, რომელიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას და წინ წაწევს პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას,” - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ბლინკენი ახლა ბერძნულ კუნძულ კრეტაზე გაემგზავრა, სადაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდება.
საბერძნეთის შემდეგ სახელმწიფო მდივანი იორდანიაში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და ეგვიპტეში ვიზიტებს გეგმავს.
interpressnews.ge