საზოგადოება
დევნილების გამოსახლების პროცესი განახლდა – სუბელიანის უწყების ეზოში კარვები გაიშლება

gamosaxleba8კომპაქტურად ჩასახლების ადგილებიდან დევნილთა გამოსახლება დღეს დილიდან თბილისში მდებაზე სამი ობიექტიდან მიმდინარეობს. ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი შენობიდან აფხაზეთიდან დევნილი 16 ოჯახი გამოასახლეს. აღნიშნული შენობა გასულ წელს „ავერსმა“ იყიდა. აქედან გამოსახლებული დევნილები კარვების გაშლას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეზოში აპირებენ. ისინი უარს ამბობენ ლტოლვილთა სამინისტროს მიერ შეთავაზებულ საცხოვრებელ ფართებზე აბაშისა და ჩხოროწყუს რაიონებში. მათი განცხადებით, სთავაზობენ მხოლოდ საცხოვრებელს, სადაც არანაირი საარსებო წყარო არ არის.

გარდა ამისა, დევნილები დღეს ვარკეთილში მდებარე 204-ე ბაგა-ბაღის შენობიდანაც გამოასახლეს, სადაც მათთან ერთად სოციალურად დაუცველი ოჯახებიც ცხოვრობდნენ. პოლიციის მიერ კვლავ შემოსაზღვრულია პერიმეტრი და ჟურნალისტებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ აქვთ. დევნილთა ავეჯით უკვე დაიტვირთა 6 სატვირთო ავტომანქანა, რომელთაც ტერიტორია დატოვეს. დევნილების ინფორმაციით, მათ ფოცხო-ეწერსა და ლესიჭინეში აგზავნიან, თუმცა საცხოვრებელი და სამუშაო პირობების არარსებობის გამო ისინი აღნიშნულ სოფლებში წასვლაზე უარს ამბობენ.

დევნილების გამოსახლების პროცესი დასრულდა უზნაძის #8-ში მდებარე შენობიდანაც, სადაც აფხაზეთიდან დევნილები 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

განსახლების სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, დევნილებს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში შესთავაზებენ.

 

საქინფორმი