საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. 2023 წელს, პირველ 6 თვეში საქართველოს მთავრობამ Meta-ს 47 თხოვნით მიმართა და ანგარიშების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.
საუბარია კონკრეტული გამოძიების ფარგლებში მოთხოვნილ მონაცმებზე, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებები Meta-ს მიმართავენ და ითხოვენ ინფორმაციას Facebook-ის ანგარიშებზე. ასევე შესაძლოა, რომ ინფორმაციის მოთხოვნა შეეხებოდეს Instagram-ს, Messenger-ს, Oculu-ს and Whatsapp-საც.
Meta-ს თანახმად, ასეთი მოთხოვნების უმრავლესობა ეხება სისხლის სამართლის საქმეებს, როგორიცაა ძარცვა ან გატაცება.
Meta-ს ინფორმაციით, უმეტეს შემთხვევაში, მთავრობის მოთხოვნები მიზნად ისახავს მომხმარებლების შესახებ ძირითადი ინფორმაციის მოპოვებას, როგორიცაა: რეგისტრაციის თარიღი, მომსახურების ხანგრძლივობა, ასევე შეიძლება მოიძიონ მომხმარებლის IP მისამართი და მისი ანგარიშის შინაარსი.
მთავრობისგან მოთხოვნის მიღების შემდეგ, Meta ყოველი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს განიხილავს. მოთხოვნის განხილვის შემდეგ შესაძლოა Meta-მ მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვას ან დამატებითი არგუმენტაცია მოითხოვოს თუ ჩათვლის, რომ მოთხოვნა ზედმეტად ფართო ან ბუნდოვანია.
Meta-ს თანახმად, 2023 წელს, იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოს მთავრობისგან 47 თხოვნა შევიდა. მათივე ცნობით, მთავრობის მოთხოვნების 93.62%- ის საფუძველზე გარკვეული მონაცემები იქნა მოძიებული.
Meta-ს მონაცემების მიხედვით, წინა წლებთან შედარებით, 2023 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს მთავრობისგან შესული მოთხოვნები გაზრდილია. მაგალითად, 2022 წლის იანვარ-ივნისში მთავრობამ Meta-ს 27 თხოვნით მიმართა, 2022 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით კი – 28 თხოვნით.
ამასთან, წინა წლებთან შედარებით, 2023 წლის პირველ 6 თვეში გაზრდილია Meta-ს მიერ მთავრობის მოთხოვნის დაკმაყოფილების მაჩვენებელიც.
ამასთან, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მთავრობიდან Meta-ში ყველაზე მეტი მოთხოვნა შევიდა. კერძოდ, 2023 წლის პირველ 6 თვეში სომხეთის მთავრობამ 5 თხოვნით მიმართა, აზერბაიჯანის მთავრობისგან კი 15 მოთხოვნა შევიდა.