საზოგადოება
პრესის ასოციაციის მიმართვა „ფოტორეპორტიორთა საქმის“ გამო

aparatiსაქართველოს პრესის ასოციაციამ მიიღო მიმართვა დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ჟურნალისტური გაერთიანებების, საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების სახელზე, რომელშიც ნათქვამია:
„უკვე კვირაზე მეტია, არ წყდება ჟურნალისტების საპროტესტო აქციები. ქართველი ფოტორეპორტიორები გია აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი ბრალის დამადასტურებელი ფაქტობრივი მტკიცებულებები წარმოდგენილი დღემდე არ ყოფილა. საეჭვო ვითარებაში იძულებით მიღებული აღიარებები ვერ გვარწმუნებს ფოტორეპორტიორების ჯაშუშობაში.

ამ ადამიანების ღამეულმა დაკავებებმა, მათ მიმართ განხორციელებულმა საპროცესო ქმედებებმა, საქმის მასალების გასაიდუმლოებამ, ჟურნალისტების საპროტესტო აქციებისა და შეკითხვების მიმართ ხელისუფლების ცინიკურმა დამოკიდებულებამ და სატელევიზიო ინსინუაციებმა დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ჩვენ მომხდარს აღვიქვამთ როგორც შურისძიებასა და დევნას სიმართლის ასახვისათვის, რაც ხელისუფლების მიერ დემოკრატიულ განვითარებაზე ფაქტობრივად უარის თქმას ნიშნავს.

მიგვაჩნია, რომ ასეთი ქმედებები, რომლებზეც პასუხისმგებლობა ეკისრება, პირველ რიგში, პრეზიდენტსა და ძალოვანი უწყებების პირველ პირებს, ლახავს ჩვენს, როგორც მედიის წარმომადგენლების, უფლებებს და უდიდეს ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.
მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ჟურნალისტურ გაერთიანებებს, არ მოადუნონ ყურადღება ამ საქმესთან დაკავშირებით.

მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეების წერილობითი შუამდგომლობა და თავდებით გაათავისუფლოს გია აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე; მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საჯარო გახადოს საქმის მასალები. შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა მათი პროფესიული საქმიანობის გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქინფორმი