აქტუალური
პაატა მანჯგალაძე: ივანიშვილის მესამედ მოსვლაში არ უნდა ვეძებოთ ხალხის კეთილდღეობის ან სახელმწიფო ინტერესები, ის მოქმედებს საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე

 საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. ივანიშვილი საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებით მოქმედებს - უნდოდა ერთი ხელით, კულუარებიდან ემართა მთავრობა, მაგრამ ნახა, რომ სანქციების რისკიც მაღალია და ქვეყნის შიგნითაც მაღალია რისკი, რომ ვიღაცებმა საკუთარი დაგროვებული სიმდიდრე ანაცვალონ ივანიშვილს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, სწორედ ამაზე მიუთითებს ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან კორუფციისა და გუნდის შიგნით დაპირისპირების რისკებზე გააკეთა.

ივანიშვილის მესამედ მოსვლაში არ უნდა ვეძებოთ ხალხის კეთილდღეობის ან სახელმწიფო ინტერესები, ის მოქმედებს საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. დაინახა, რომ საერთაშორისო რისკები გაზრდილია და რისკები გაზრდილია ქვეყნის შიგნითაც. იმდენი ქონება დააგროვეს „ქართული ოცნების" ე.წ.ლიდერებმა, ღარიბაშვილის და სხვა კლანებმა, იფიქრა, ამ ქონების გადასარჩენად არ გაწიროს ამ ხალხმა. ვრცელდება მისი ძველი ჩანაწერები, თუ ორჯერ მოვბრუნდი და არაფერი გავაკეთე, მესამეჯერ მობრუნებას რა აზრი აქვსო. ბატონო ბიძინა, მესამეჯერ მობრუნებას აზრი არ აქვს, მაგრამ უსაფრთხოება, შიში გაიძულებს ის გააკეთო, რის გაკეთებაც არ გინდოდა. მას უნდოდა ერთი ხელით კულუარებიდან ემართა მთავრობა, მაგრამ ნახა, რომ სანქციების რისკიც მაღალია და ქვეყნის შიგნითაც მაღალია რისკი, რომ ვიღაცებმა ივანიშვილს ანაცვალონ საკუთარი დაგროვებული სიმდიდრე. ჩვენ უნდა გავიხსენოთ მოლდოვას სცენარი, სადაც პლახატნუკი იყო არაფორმალური მმართველი და არანაირი თანამდებობა არ ჰქონდა. სწორედ ასევე გაზრდილია ივანიშვილის სანქცირების რისკი, ახლა მისი ძალაუფლება ლეგალური გახდა, კულუარებიდან გამოვიდა და ამბობს - რატომ უნდა დამასანქციროთ, ფორმალური მმართველი გავხდი. მას ჰგონია, რომ ეს რისკები დააზღვია.

ქვეყნის შიგნითაც სერიოზული რისკებია მისთვის. კლანი, რომელიც მილიარდებს იპარავს, როგორ გგონიათ, საქმე საქმეზე რომ მიდგება ივანიშვილს აირჩევს, თუ საკუთარ მოპარულ მილიარდს?! რა თქმა უნდა, მოპარულ მილიარდებს. თან არ დამალა, პირდაპირ თქვა, იმიტომ მოვდივარ, რომ კორუფციის რისკია და გუნდის შიგნით ერთმანეთის დაჭმისო. ეს ქონების გამო ხდება და არა ივანიშვილის სიყვარულის. საქართველო ივანიშვილისთვის უკანა ეზოა, სადაც როგორც ქათმებს, ისე გადმოგვიყრის საკენკს და დააკმაყოფილებს ხალხს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, ასე საკენკ მოყრილი ქათმები ვართ, როგორც ივანიშვილს ჰგონია, თუ თავისუფლების მოყვარე არწივები. მე ვფიქრობ, საქართველო თავისუფლების მოყვარე არწივია", - განაცხადა მანჯგალაძემ.