სამართალი
ჟურნალისტების საყვირების აქცია გლდანის ციხესთან

cixe_wamebaჟურნალისტების საპროტესტო აქცია დღეს, 16:00 საათზე, გაიმართება გლდანის ციხესთან, სადაც დაკავებული ფოტორეპორტიორები იმყოფებიან.

როგორც ჟურნალისტებს აქციის ორგანიზატორმა, „ალია ჰოლდინგის“ ერთ-ერთმა რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ განუცხადა, მედიის წარმომადგენლები საყვირებით უწყვეტად 7 წუთის განმავლობაში გამოხატავენ მხარდაჭერას დაკავებულების მიმართ და ხელისუფლებას ჟურნალისტების სოლიდარობას დაანახვებენ. აქციის მონაწილეები შემოსილი იქნებიან საპროტესტო მაისურებით შესაბამისი წარწერით: „No Pictures, No Democracy“...

დიმიტრი ტიკარაძის განმარტებით, აქციას ყველა ის ჟურნალისტი შეუერთდება, რომლებიც ფოტორეპორტიორების დაკავების შემდეგ ჟურნალისტების უწყვეტ აქციებში მონაწილეობენ, მათ შორის, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ და „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“. მისივე ცნობით, ბევრი სხვა ჟურნალისტი უკავშირდება, ვისაც აქციაში მონაწილეობის მიღება სურს.

ჟურნალისტები აქციებს აბდალაძის აღიარებითი ჩვენების შემდეგაც არ წყვეტენ და ამბობენ, რომ ახლა უფრო საჭიროა პროტესტის გამოხატვა არა მხოლოდ აბდალაძისა და სხვა დაკავებული ფოტორეპორტიორების, არამედ, ზოგადად, თავისუფალი ჟურნალისტიკის დასაცავად.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან, სანამ ხელისუფლებას არ აიძულებენ, ან კონკრეტული, დამაჯერებელი მტკიცებულებები წარმოადგინოს, ან ფოტორეპორტიორები გაათავისუფლოს.

ჟურნალისტების პერმანენტული საპროტესტო აქციები ფოტორეპორტიორების დაკავების შემდეგ იმართება. საქმეს კი გრიფი „საიდუმლო“ ადევს. შსს-ის მიერ წარმოდგენილი მასალების ნაწილი ჟურნალისტებისთვის არადამაჯერებელია.

შეგახსენებთ, შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები – ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „ალია ჰოლდინგის“ ფოტორეპორტიორი) 7 ივლისს დააკავა.

ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ნათია გედენიძე კი 10-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ბრალდება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაედო. წინასასამართლო სხდომა პირველი სექტემბრისთვის არის დანიშნული.

 

საქინფორმი