საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. 2024 წელს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ამოცანები დასაქმების პრობლემების მოგვარება და მიგრაციის შემცირება უნდა გახდეს, განუცხადა Sputnik-საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ეკონომიკის დოქტორმა გოჩა ცოფურაშვილმა.
2022 წელს საქართველოში ემიგრაციის ბოლო 10 წლის მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველო 100 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. წასულთა შორის 62 პროცენტი მამაკაცი იყო, 38 პროცენტი - ქალი. 2023 წლის 3 მაისის ბოლო სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს.
„საქართველოს ექნება პერსპექტივა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შექმნის სწორ ეკონომიკურ მოდელს - ინკლუზიურს, რომლის პირობებში მოქალაქეები შეძლებენ ფულის გამომუშავებას მარტივად სამშობლოში, და არ დაიწყებენ სამუშაოს ძებნას საზღვარგარეთ. არ შეიძლება მხოლოდ გზების და აეროპორტების მშენებლობის იმედი გქონდეს, იქ ყველას არ შეუძლია მუშაობა. ჩვენ გვჭირდება სოფლები, სოფლის მეურნეობა, გვჭირდება ხალხი და გვჭირდება დემოგრაფია“, - განაცხადა ცოფურაშვილმა.
მისი თქმით, სოფლები ცარიელდება, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის, ამიტომ საჭიროა პროცესის შეჩერება.
ცოფურაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობა 1989 წლის შემდეგ 31,5%-ით შემცირდა - 3,7 მილიონ ადამიანამდე, რაც კატასტროფული კლებაა.
„მოსახლეობის ასეთი კლება პრაქტიკულად არცერთ ქვეყანაში არ არის. მხოლოდ ლიეტუვაში და ლატვიაშია მოსახლეობის კლების მაჩვენებელი დაახლოებით 20%, ბევრმა ქვეყანამ, ძირითადად აზიამ და აზერბაიჯანმა, პირიქით, გააორმაგა მოსახლეობა. გვაქვს მოსახლეობის კატასტროფული კლება. და ეს პროცესი არ ჩერდება“, - აღნიშნა მან.
დემოგრაფების აზრით, საქართველოს შობადობის კიდევ უფრო დიდი კლება დაემუქრება, ვინაიდან 1990-2000 წლებში ქვეყანაში იმაზე ორჯერ ნაკლები გოგონა დაიბადა, ვიდრე 1980-1990 წლებში იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3.736,4 ათას ადამიანს შეადგენდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,3%-ით მეტია.
2022 წელს დაფიქსირდა მოსახლეობის ბუნებრივი ზრდის უარყოფითი მონაცემი (–6.799) და ასევე უარყოფითი მიგრაციული სალდო (–54.509).
რაც შეეხება მოსახლეობის ასაკს, 0-14 წლის ასაკის მოსახლეობა მთელი მოსახლეობის 20,7%-ს შეადგენს, შრომისუნარიანი მოსახლეობა (15-64 წელი) – 63,8%-ს, ხოლო 65 წლისა და მის ზემოთ მოსახლეობა – 15,6%-ს.