სამართალი
ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გამოხმაურებები მოჰყვა

 საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბერს მმართველი პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში ბრუნდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სტატუსით. ეს იმის მაუწყებელია, რომ 2021 წელს პოლიტიკიდან “საბოლოოდ” წასვლის შემდეგ, ივანიშვილი თავის, თუნდაც ნახევრად ფორმალურ, როლს უბრუნდება.

„სამოქალაქო საქართველო“ ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე პოლიტიკოსების გამოხმაურებებს გთავაზობთ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში, მე მინდა გითხრათ, რომ ყველამ კარგად მოისმინეთ მისი სიტყვა და კითხვები აღარ არსებობს. მან თავად განმარტა ყველა ის მიზეზი, რის გამოც იგი ბრუნდება პოლიტიკაში… დღეს გეოპოლიტიკური ვითარება იცვლება ყოველდღიურად, ეს გეოპოლიტიკური ვითარება რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზე აისახება. იცვლება საერთაშორისო წესრიგი, მსოფლიო წესრიგი. არავინ არ იცის ეს რამდენ ხანს გასტანს და ეს კატაკლიზმები კიდევ რას გამოიწვევს ქვეყნებისთვის… ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ბატონი ბიძინას როლი რა თქმა უნდა, არის გადამწყვეტი და აქაც უნიკალური როლის შესრულება იკისრა მან. იმიტომ, რომ მომდევნო 10 წელი, შეიძლება ასე ითქვას, ძალიან რთული პერიოდი იქნება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამიტომ, ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანაში და მსოფლიოში, რომ აუცილებელი იყო ბატონი ბიძინას დაბრუნება პოლიტიკაში”. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო გაამყარებს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც აქვს „პრეტენზია და მიზანი, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა“. მე პირადად, არ დამიმალავს და დასამალი არაფერი არ არის, მქონია კონსულტაციებიც, იმიტომ, რომ ისეთი რთული პერიოდები გამოვიარეთ, ისეთი რთული კრიზისები გამოიარა გუნდმა მთლიანად, რომ აუცილებელი იყო კონსულტაციების გამართვა სტრატეგიულ საკითხებზე, რაც უკავშირდებოდა ქვეყნის ბედს, ქვეყნის გადარჩენას და ზოგადად, სწორად ნავიგაციას, ასე ვთქვათ, ამ ტურბულენტურ სიტუაციაში“, – დასძინა მან.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ ივანიშვილის დაბრუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს არამარტო ჩვენს გუნდს, არამედ ჩვენს ქვეყანას და მისცემს იმის შესაძლებლობებს რომ დიდ წარმატებებს მიაღწიოს შემდგომში“. „მადლობა უნდა გადავუხადოთ ბიძინა ივანიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის. ეს არის ის მადლობა, რომელსაც იზიარებს პარტიის ყველა წევრი და მხარდამჭერი. რაც შეეხება გუნდის გაძლიერებას, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად განმარტა გადაწყვეტილების მიზანი და მიზეზი, მისი პოლიტიკაში დაბრუნების. აქ მიზეზი არის არა ის, რომ გუნდს სისუსტე აქვს საარჩევნოდ, პირიქით, თავად ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს გუნდს ძალიან ძლიერი პოზიციები აქვს. მის სიტყვაში იყო ნათქვამი, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 90-100 მანდატის აღება კამპანიის გარეშეც არ გაგვიჭირდებოდა. თუმცა, იმ პირობებში, რაზეც ბიძინა ივანიშვილის საუბრობდა, რომ ოპოზიცია სრულად მოშლილია და განადგურებული, სხვა გამოწვევებია, სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მან.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება „უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენაა“. პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ყოფნა გულისხმობს უფრო მეტ კონსოლიდირებას როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის, ისე მთლიანად საზოგადოების. 2024 წელი, იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია განადგურებულია, რა თქმა უნდა, თავის თავში შეიცავს ხიფათებსაც, ვინაიდან სუსტი და უუნარო ოპოზიცია, ზოგადად ჯგუფები, როგორც წესი, სწორედ ამ დროს გადადიან ხოლმე ისეთ ქმედებებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის შემდეგ მთლიანად ქვეყანას. ამიტომ, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად გუნდი და საზოგადოება შეიკრას ერთ გუნდად, რათა ყველა ის ხიფათი, რომელიც საქართველოს ქვეყნის შიგნით, თუ გარედან ელოდება, ავიცილოთ და მომავალი წლის ბოლოს, ამ დროს ყველამ ერთად აღვნიშნოთ საქართველოს გამარჯვება“, – განაცხადა მან.

გიორგი გახარია, საქართველოსთვის: კარგია, რომ ივანიშვილმა როგორც იქნა მოახერხა სამალავიდან გამოსვლა. თავის მართლება სუსტი იყო. გამოწვევა მიღებულია. გილოცავთ ახალ წელს“.

სოფო ჯაფარიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ის, რაც აქამდე არაერთხელ მითქვამს და დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რომ რუსი ოლიგარქი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან. მან დღეს საბოლოოდ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა და კიდევ ერთხელ დაადასტურა შიში იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფართო ჩართულობით 2024 წელს ცვლილებები გარდაუვალია“.

გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „2023 წელს ქართველი ხალხის გამარჯვებამ „ქართულ ოცნებაზე“ აიძულა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში კვლავ გამოჩენილიყო, ის არსად წასულა. იმიტომ რომ შეეშინდა იმ ძალიან სწრაფი ვარდნის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის, რომელიც ახლა მიმდინარეობს… მეორე, ის რომ ცალსახად მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის და უსაფრთხოებისთვის დაბრუნდა“.

გიგა ბოკერია „ევროპული საქართველო“: მგონია, რომ ეს ჩვენი საზოგადოებისთვის არაფერს ცვლის. ის გამოწვევა, რაც ჩვენს წინაშე დგას, ამ რეჟიმის, ანუ, ივანიშვილის რეჟიმის სახით, გამოჩნდებოდა ის უფრო აქტიურად თუ შედარებით ნაკლებად, ამით არაფერი იცვლებოდა… მე თავად ტერმინ დაბრუნებას ვაპროტესტებ იმიტომ, რომ არსად წასულა არასდროს“.

შალვა ნათელაშვილი, „ლეიბორისტული პარტია“: რუსი ოლიგარქი ივანიშვილი კვლავ დაბრუნდა პოლიტიკაში, საიდანაც ის არასდროს არ გასულა. გადაწყვეტილება აღნიშნულზე მიღებულია მოსკოვში, კრემლში, პირადად აგრესორ ვლადიმირ პუტინის მიერ, რომლის მიზანია ივანიშვილის ხელით დააგვირგვინოს საქართველოს პოლიტიკური ანექსია და სამუდამოდ შემოიმტკიცოს მთლიანად ამიერკავკასიის რეგიონი“.

ანა ნაცვლიშვილი, „ლელო საქართველოსთვის“: ივანიშვილი სამალავიდან გამოვიდა კრიზისის გამო და დამარცხების შიშმა აიძულა ის, რომ დაბრუნებულიყო. ეს კარგია, მეტი სიცხადე იქნება საზოგადოებაში… ვინ არის პასუხისმგებელი და ვინ მართავს სინამდვილეში პროცესებს… ივანიშვილის დაბრუნება საჯაროდ, თორემ ყოველთვის იყო ის პოლიტიკაში და ყოველთვის მართავდა პროცესებს, არის მთავარი გზავნილი მოსკოვისთვის, რომ მიუხედავად კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ქართველი ხალხის ევროპისკენ სვლის, მოსკოვის ინტერესს აქ არ დაემუქრება საფრთხე, რადგან ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს ვითარებას“.

ეკა ბესელია, პარტია „სამართლიანობისთვის“: მას [ივანიშვილს] განცდა ჰქონდა, რომ ძალაუფლებას კარგავდა… შიგნით ვითარება გაცილებით მწვავეა და მართვის პულტი სადღაც არის დაკარგული და მას იმ ფრაზებს შორის შუალედში, რომელსაც მე კარგად ვიცნობ და ბევრი რამ ამოვიკითხე, იქ იგრძნობოდა ძალიან ღია უკმაყოფილება საკუთარი პარტიის ლიდერების მიმართ. შემთხვევით არ ახსენებდა სიტყვებს კორუფცია, რამდენჯერმე თქვა, რომ მან ეს უნდა დააბალანსონ, ეს საფრთხეები, ცდუნებები, რომლებიც ახლავს ჭარბ ძალაუფლებას“.