სამართალი
კონსერვატიული მოძრაობის ლიდერებს ევროკავშირის დროშების დაწვისთვის ბრალი წაუყენეს

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. 22 დეკემბერს, საღამოს, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერებმა ზურაბ მახარაძემ და ირაკლი მარტინენკომ თბილისის მერიის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და ადგილზე დაწვეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო პროპაგანდისტული მედიის „ალტ-ინფოს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ვიდეოში არ ჩანს მერიის დაცვის მხრიდან რაიმე წინააღმდეგობის გაწევა.

23 დეკემბერს ირაკლი მარტინენკო ევროკავშირის დროშის დაწვისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით 1 000 ლარით დააჯარიმეს.

რაც შეეხება ზურაბ მახარაძეს, რომელმაც იგივე დანაშაული მანამდეც ჩაიდინა, მის მიმართ აღძრულია ადმინისტრაციული საქმე 174-18 პრიმას მუხლის მეორე ნაწილით, რაც იგივე ქმედების განმეორებით ჩადენას გულისხმობს.

დამნაშავეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ლაშა შარუხიას, რომელსაც წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 21 დეკემბერს მცხეთის მერიის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვისთვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით და რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე).

მას შემდეგ, რაც შარუხიას ქმედებების ამსახველი ვიდეო გავრცელდა, მისი დაკავება რამდენიმე ქართველმა მღვდელმა გააპროტესტა, რომლებმაც ასევე დაწვეს ევროკავშირის დროშა. „ალტ-ინფომ“ 23 დეკემბერს კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს , რომ შარუხიას მხარდასაჭერად მოქალაქეები ევროკავშირის დროშას წვავენ, რასაც თან ახლავს შეურაცხმყოფელი განცხადებები ევროკავშირის მიმართ.

მიმდინარე წლის მარტში, უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ 7-8 მარტს გამართული, ძირითადად, პროევროპული აქციების შემდეგ, კონსერვატიული მოძრაობის ლიდერმა ზურაბ მახარაძემ და მისმა რამდენიმე თანამოაზრემ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. მათ ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით წაუყენეს და თითოეული 1 000 ლარით დააჯარიმეს.