სამართალი
ომბუდსმენი: „შსს-ის რეაგირება მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარისი“

ombudsmanსახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ „სამინისტროს მიერ სამართალდამცველთა მხრიდან 26 მაისს დაშვებულ დარღვევებზე განხორციელებული რეაგირება მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარისი“.

როგორც ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სახალხო დამცველს ინფორმაცია მიაწოდა, რომლითაც დასტურდება, რომ 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლაში მონაწილე 16 პოლიციელი დისციპლინური წესით დაისაჯა. მათ მიმართ გამოყენებულ იქნა სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მათ შორის, 4 შემთხვევაში – დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, პასუხისგებაში მხოლოდ ის პირები მიეცნენ, რომლებმაც უშუალოდ აქციის დაშლისას საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტეს. სახალხო დამცველის აზრით, აუცილებელია, გაგრძელდეს ძიება ყველა იმ ფაქტზე, რომლებიც სახალხო დამცველისთვის გახდა ცნობილი და შესწავლის შემდგომ საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა. აღნიშნული ფაქტები შეეხებოდა არასათანადო მოპყრობისა და ცემის ფაქტებს იმ დაკავებულ პირთა მიმართ, რომლებიც რუსთაველის გამზირზე უკვე აღარ იმყოფებოდნენ. ჩვენ მიერ დაფიქსირებულ უფლებადარღვევათა ნაწილი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და, შესაბამისად, სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან საჭიროა, მათზეც ადეკვატური რეაგირება განხორციელდეს და უფლებადამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. აქვე აღვნიშნავთ, რომ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული პირების დასჯა წინგადადგმული ნაბიჯია და მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მას პრევენციული ხასიათი ექნება სხვა პოლიციელთა მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

საქინფორმი