აქტუალური
გადაიყვანენ თუ არა სააკაშვილს კლინიკიდან ციხის საკანში – კალაძის პასუხი

 საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. მსჯავრდებული ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შესანიშნავ ფორმაშია, გადაწყვეტილებას მისი ციხეში გადაყვანის შესახებ შესაბამისი უწყება მიიღებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში თუნდაც საახალწლო დღესასწაულის შემდეგ

რეალობაში ეს ადამიანი იყო დიეტაზე, შესანიშნავ ფორმაშია და კარგად გამოიყურება. ალბათ შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არასდროს ჰქონია.

ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაციები. უბრალოდ, კამპანიას აწარმოებდა ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. თუკი რაიმე დაავადება არსებობს მსოფლიოში, ამ ადამიანს თითქოს ყველა დაავადება ჰქონდა, ასე საუბრობდნენ და ამბობდნენ მისი მხარდამჭერები, ოჯახის წევრები“, – განაცხადა კალაძემ.

დაპატიმრებიდან, 2021 წლის 1 ოქტომბრიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი დრო ის კლინიკებში იყო: ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან – კლინიკა „ვივამედში“. სააკაშვილს კახექსიაზე მკურნალობენ, რომელიც არასაკმარისმა კვებამ გამოიწვია.