სამართალი
ტაივანის საგარეო მინისტრი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში მოგზაურობის საშუალება მისცეს ტაივანელებს

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ვუ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გაამარტივოს ტაივანელი მოქალაქეებისათვის საქართველოს საზღვრის კვეთის პროცედურა. ახლა, ჩვეულ ვითარებაში, ტაივანელებს საქართველოში შემოსვლის უფლება არ აქვთ.

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი თავის საიტზე წერს, რომ „საქართველოს მთავრობა არ არის მეგობრულად განწყობილი ტაივანის მიმართ“;

„ძალიან რთულია ტაივანელებისათვის ვიზის მიღება, თუკი არ ხართ მიწვეული საერთაშორისო კონფერენციაზე ან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაზე“.

რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის კითხვაზე, ჰქონია თუ არა ტაიბეის საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხზე კომუნიკაცია, მინისტრი ჯოზეფ ვუ აცხადებს, რომ მართალია, ტაივანს ფორმალური კომუნიკაცია არასოდეს ჰქონია საქართველოს მთავრობასთან, თუმცა მცდელობა არ დაუკლია:

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრაქტიკული, რეალური, შინაარსობრივი ურთიერთობები საქართველოსთან. არაერთხელ გვიცდია [კომუნიკაცია] ბიზნესმენების დახმარებით თუ სხვა არხებით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს ტაივანს“, - განაცხადა მინისტრმა ვუმ 5 დეკემბერს ტაიბეიში, საგარეო სამინისტროში ევროპელ ჟურნალისტებთან ერთად პრესკონფერენციაზე მყოფი რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად. "გავაგრძელებთ ამ მცდელობებს“, - თქვა მან.

„გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და მოვუწოდებ საქართველოს, იფიქროს თავისუფალ, დემოკრატიულ ტაივანზე, რომელიც ძალიან კარგი ეკონომიკური პარტნიორი შეიძლება გახდეს“, - განაცხადაა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ტაივანი აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვებსა და წყნარ ოკეანეს შორის მოქცეული კუნძულია, - ერთ-ერთი „აზიური ვეფხვი“, რომელმაც ბოლო 60 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ წარმატებას მიაღწია.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს საკუთარ ტერიტორიად და სეპარატისტულ პროვინციად მიიჩნევს და მისი მიზანი კუნძულზე კონტროლის დამყარებაა. დღეს ტაივანი აშშ-ჩინეთის განხეთქილების ვაშლად განიხილება.

„თუ მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია ეკონომიკური კავშირების განვითარება, მაშინ უნდა იფიქრონ, როგორ შეუშვან ტაივანელი ხალხი საქართველოში, ისეთი გზით, რომელიც ევროკავშირისთვის იქნება მისაღები. ჩვენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გვაქვს, და ტაივანელი ხალხი ძალიან კარგ მოქალაქეებად მიიჩნევიან. ასე რომ, საქართველო თუ მისცემდა წვდომას ტაივანელებს, ვიზის გამოცემით, ელექტრონული ვიზით თუ უვიზო რეჟიმით, მაშინ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და ტაივანელებს შორის ურთიერთობები გაცილებით უკეთესი იქნება. ტაივანელ ხალხს ძალიან უყვარს თავგადასავლები, მოგზაურობა, და საქართველო მათთვის არათუ სასურველი დასასვენებელი მიმართულება, არამედ ბიზნესის საკეთებელი ადგილიც იქნება“, - განაცხადა მინისტრმა ჯოზეფ ვუმ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში ტაივანი ცალკეა გამოყოფილი, მაგრამ მოხსენიებულია, როგორც ჩინეთის პროვინცია. 2023 წლის 11 თვეში სავაჭრო ბრუნვამ - იმპორტმა და ექსპორტმა - $17.5 მლნ-ს მიაღწია.

ჩინეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 80-ჯერ მეტია, ვიდრე ტაივანთან - $1.4 მილიარდი. ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში მე-4 ადგილზეა და მასთან ვაჭრობა ბოლო წლებში იზრდება.

საქართველოს მიერ ტაივანის არაღიარების (მათ შორის პასპორტების არაღიარების) პოლიტიკა ეფუძნება ნულოვანი ინტერაქციის პოლიტიკას არაღიარებულ რეჟიმებთან; ასევე, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის ეფექტურობის შენარჩუნების მიზნით, საერთაშორისო სამართლის სუბიექტ სუვერენულ ქვეყნებთან პრაგმატული ურთიერთობების დამყარებას.

ჰენლის პასპორტების ინდექსის გლობალურ რეიტინგში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის პასპორტების სიძლიერეს ზომავს, ტაივანი 33-ე ადგილს იკავებს. ტაივანის მოქალაქეებს მოგზაურობა 143 ქვეყანაში შეუძლიათ - როგორც უვიზო რეჟიმით, ასევე ელექტრონული ვიზით ან საზღვარზე ვიზის გაცემით.