საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.
როგორც „როიტერი“ წერს, სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს, აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე, არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. სასამართლომ მხარი დაუჭირა მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის 6 იანვრის აჯანყებაში და ასევე გააუქმა მისი დასკვნა, რომ აკრძალვა არ ეხება პრეზიდენტს.
ტრამპმა პირობა დადო, რომ გაასაჩივრებდა გადაწყვეტილებას აშშ-ს უზენაეს სასამართლოში, რაზეც კოლორადოს სასამართლომ განაცხადა, რომ გადადებს განჩინების მოქმედებას მინიმუმ 2024 წლის 4 იანვრამდე, რათა ტრამპმა გასაჩივრება შეძლოს.
კოლორადოს საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საკითხი 5 იანვრამდე უნდა გადაწყდეს, რაც კანონით დადგენილი ვადაა „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერიზის კანდიდატთა სიის დასადგენად.
ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებმა სასამართლოს გადაწყვეტილებას „არადემოკრატიული“ უწოდეს.
როგორც „როიტერი“ წერს, შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კოლორადოს, მაგრამ აუცილებლად მოახდენს გავლენას 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე.
1tv.ge