საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. კონკრეტული შედეგები მოჰყვა სამშვიდობო ინციატივას, როცა ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან ერთად მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველომ მნიშვნელოვანი მედიაცია გასწია, დაინტერესებული ვართ, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს რეგიონში პარტნიორებთან- აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან.
„ბოლო პერიოდში გვქონდა ძალიან წარმატებული საგარეო ვიზიტები. მე პირადად მქონდა 25 საგარეო ვიზიტი და საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა 35 საგარეო ვიზიტი. მათ შორის ასევე მინდა შევეხო ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის შიგნით განხორციელებულ ვიზიტებს- ჩვენ გვეწვივნენ ევროპელი ლიდერები, მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ბატონი ბორელის ვიზიტი საქართველოში, სექტემბრის თვეში. ასევე ავსტრიის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრების ვიზიტები.
რეგიონში ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა, ვინარჩუნებთ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან. მოგეხსენებათ, რომ 2 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ, ამის თაობაზე დავაანონსეთ და კონკრეტული შედეგებიც კი მოჰყვა სამშვიდობო ინციატივას, როცა ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან ერთად მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველომ აქ მნიშვნელოვანი მედიაცია გასწია. ჩვენ რა თქმაუნდა, ვართ დაინტერესებული, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად საქართველო მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახდენს. მინდა აღვნიშნო, რამდენიმე ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა უნიკალური შესაძლებლობა, რომ სამივე ქვეყნის ხელმძღვანელებს ერთად გაგვემართა შეხვედრა. მე ვფიქრობ, ეს იყო ძალიან საინტერესო პრეცედენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით. ინტენსიურია ვიზიტები ჩვენს სამეზობლოში. მე რამდენჯერმე ვიმყოფებოდი აზერბაიჯანში, ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრი. თურქეთთან ბუნებრივია ჩვენ ვინარჩუნებთ მაღალი დონის სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.