საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ დაკავებულ ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძეს საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება არ ჰქონდა, თუმცა მას შეეძლო „ზოგიერთ დოკუმენტებთან მისვლა“.
დასავლურ მედიასააგენტოებზე მომუშავე ფოტოკორესპონდენტი გიორგი აბდალაძე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფადაც მუშაობდა ხელშეკრულების საფუძველზე, კიდევ ორ, მათ შორის, პრეზიდენტის პირად ფოტოგრაფთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
„ყველა თანამშრომელს, რომელსაც აქვს თანამდებობა ან რანგი, საიდუმლო ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება. რა თქმა უნდა, იმ ადამიანს, ვინც აქ ხელშეკრულებით მუშაობდა და არის ფოტოგრაფი, საიდუმლო ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება, მაგრამ ამ ადამიანს იმის გამო, რომ ის ტვირთავდა ამ ფოტოსურათებს რამდენიმე კომპიუტერზე, მას შეეძლო ამ კომპიუტერებით ზოგიერთ დოკუმენტებთან მისვლა“, – განუცხადა ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ 14 ივლისს.კითხვაზე – თუ რამდენად დაცულია ეს დოკუმენტები, მან უპასუხა: „ეს დოკუმენტები ძალიან კარგად არის დაცული, მაგრამ დაცული არის იმისათვის, რომ ის გამოიყენონ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა“.
ეს განცხადებები მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, ფოტოგრაფების საქმეზე „არსებობს უტყუარი მტკიცებულებები“.
„დაველოდოთ სასამართლოს იმიტომ, რომ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში სასამართლო არის ბოლო ინსტანცია, რომელიც გადაწყვეტს ადამიანის ბრალდებულებას და იმას, შეესაბამება თუ არა წაყენებული ბრალდებულება მისი დანაშაულის დონეს და ხარისხს“, – განაცხადა მან.
ვაშაძის განცხადებით, პრესაში გამოთქმულ „სპეკულაციებზე“, რომ ხელისუფლება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას აპირებს, „კომენტარის გაკეთებაც კი სასაცილოა“.
აბდალაძის საქმიანობა საგარეო საქმეთა სამინისტროში და მისთვის სამინისტროს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ის მთავარი თემები იყო, რაზეც პასუხები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძისგან ტრადიციულ ბრიფინზე მოითხოვეს.
ნინო კალანდაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აბდალაძე საგარეო უწყებაში 2009 წლიდან მუშაობდა ხელშეკრულებით და იგი არ იყო შტატიანი თანამშრომელი. თუმცა მან, ასევე, განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს სრულფასოვან თანამშრომლად ითვლება. კალანდაძის თქმით, სხვა თანამშრომლების მსგავსად, აბდალაძისთვის შესაძლოა ხელმისაწვდომი ყოფილიყო სამინისტროში არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია.
საქინფორმი