აქტუალური
პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა 15 დეკემბერს გამართულ სხდომაზე 83 ხმით 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.

პლენარულ სხდომაზე საკითხი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარადგინა და იმ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც საპარლამენტო კომიტეტებში განხილვების შედეგად, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში აისახა.

კერძოდ, 2024 წლისთვის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5.2%-ის ოდენობით; დეფლატორის მაჩვენებელია 3% როგორც 2024 წელს, ასევე მომდევნო წლების განმავლობაში; ინფლაციის საშუალო მაჩვენებელია 2,8%; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არის 86 მლრდ ლარი, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილია. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტია – 2,5%; ვალის მაჩვენებელი კი მშპ-ს – 38.0%-ია.

ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოსავლები ნაერთ ბიუჯეტში ჯამში 110 მილიონი ლარით იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტში ზრდა კი 106,6 მილიონი ლარია. საქართველოს 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი განისაზღვრება 28 357 მლნ ლარის ოდენობით, საიდანაც 22 053 მლნ ლარი საგადასახადო შემოსავლებია. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 28 706 მლნ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამურ მაჩვენებელს, ის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 398.5 მლნ ლარით და 24 569.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა კი 25 030.4 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის გეგმასთან შედარებით გაზრდილია 2 719.1 მლნ ლარით.

29.2 მლნ ლარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ემატება, საიდანაც:

15.0 მლნ ლარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის პროგრამას ემატება;

14.2 მლნ ლარი – მოსახლეობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას (გადმოტანილია მიზნობრივი ტრანსფერებიდან);

3 მლნ ლარი ემატება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მართვას;

ასევე, 3,6 მილიარდი ლარი, ანუ რესურსის 13% განისაზღვრა განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე; რესურსის 10% – 2,9 მილიარდი ლარი – თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დასაფინანსებლად; ამავე მოცულობის თანხა ხმარდება სახელმწიფო ვალების მომსახურებასა და დაფარვას; გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე გამოყოფილია 1,2 მილიარდი ლარი, ხოლო კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე – 940 მილიონი ლარი. ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, ჯამურად, გათვალისწინებულია 7 მილიარდ ლარზე მეტი.