სამართალი
პაპუაშვილი: „მულტიმილიონერი ენჯეოები თავისი დამფინანსებლების ინტერესებით მოქმედებენ“

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „მულტიმილიონერი ენჯეოები“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი „მოქმედებენ არა საქართველოს, არამედ თავისი დამფინანსებლების ინტერესებით“.

პარლამენტის თავმჯდომარემ ეს განცხადება „ფარული უცხოური გავლენის გამოაშკარავების“ მიზნით ევროკომისიის მიერ დემოკრატიის დაცვის პაკეტის მიღების კონტექსტში გააკეთა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა გასული წლის მარტში საქართველოს ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონი მიიღო, რასაც დღეს თავად ითხოვს დირექტივის ინიცირების სახით.

პაპუაშვილის თქმით, „მულტიმილიონერი ენჯეოები“ მოქმედებენ არა საქართველოს, არამედ „დამფინანსებლის ინტერესებით“, როდესაც რუსეთზე საქნციების დაკისრებას მოითხოვენ, მოუწოდებდნენ ევროკავშირს გადაედო კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება ან „საქართველოს მოქალაქეებს დაუწესონ სანქციები მტკიცებულებების გარეშე“.

პატრიოტიზმი არ არის სამართლებრივი განზომილება, სამართლებრივად ვერ მოსთხოვ და მათი უფლებაა, ვისი ინტერესიც უნდათ, იმისი გაატარონ, მაგრამ ეს მორალური პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Politico ცოტა ხნის წინ იტყობინებოდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები „მწვავედ აპროტესტებენ“ ევროკომისიის გეგმებს, რომლებიც გარედან დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების ეროვნულ რეესტრებთანაა დაკავშირებული, მათ შორის, იმის შიშით, რომ არალიბერალური რეჟიმები მათ ბოროტად გამოიყენებენ სამოქალაქო სივრცის დახურვის მიზნით.

2023 წლის მარტში ათიათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში, რათა „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონი გაეპროტესტებინა. საბოლოოდ, მმართველი უმრავლესობა იძულებული გახდა კანონპროექტი უკან გაეწვია.   მიუხედავად ამისა, მმართველი პარტია აგრძელებდა არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობებს, მათ შორის გამოძიების დაწყებას აშშ-ს მიერ დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების წინააღმდეგ.