სამართალი
„ქართულმა ოცნებამ“ მრჩევლად კვლავ მოშე კლუგჰაფტი დაიქირავა

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საარჩევნო პერიოდისთვის სტრატეგიულ მრჩევლებად მოშე კლუგჰაფტი და მირი მიქაელი, კომპანია ACT NEWS-ის დამფუძნებლები დაიქირავა.

„ოცნების“ განცხადების თანახმად, კლუგჰაფტი „არის საერთაშორისო სტრატეგიული მრჩეველი და კამპანიის მენეჯერი პოლიტიკური ლიდერებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის მთელს მსოფლიოში“. ამავე განცხადების თანახმად, სწორედ კლუგჰაფტი „მართავდა სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას 2018 წელს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები“. მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში მისი ჩართულობის შესახებ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. ქართულმა ოპოზიციამ კლუგჰაფტი მმართველი პარტიის აგრესიული კამპანიის ტაქტიკას დაუკავშირა.

„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ვხედავ მის მნიშვნელოვან განვითარებას როგორც ეკონომიკაში, ასევე ევროკავშირისადმი მიდგომაში და განსაკუთრებით მის უნარში, შეინარჩუნოს მშვიდობა იმ დღეებში, როდესაც მსოფლიო ომის პირობებშია“, – იტყობინება „ქართული ოცნება“ კლუგჰაფტის სიტყვებზე დაყრდნობით. „საკმარისი არ არის, რომ უბრალოდ ბევრი აკეთო – ასევე აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ საზოგადოებამ იცოდეს ამის შესახებ და ჩვენ ამაში დავეხმარებით მომავალ წელს“.

კლუგჰაფტის საარჩევნო გამოცდილება საქართველოს ფარგლებს სცდება, რადგან მან გადამწყვეტი როლი ითამაშა 2016 წლის საყოველთაო არჩევნებში რუმინელი სოციალ-დემოკრატების გამარჯვების უზრუნველყოფაში. იგი ასევე ჩართული იყო ისრაელში, ავსტრიაში, გერმანიაში, იტალიასა და კოსოვოში ჩატარებულ არჩევნებში. ის „ფორბსმა“ დაასახელა ისრაელის 40 წლამდე ასაკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად, ხოლო „იერუსალიმ პოსტმა“ 2020 წლის მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიან ებრაელთა სიაში შეიყვანა. კლუგჰაფტი მუშაობდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან და პრემიერ-მინისტრ ბენეტთან, ასევე თავდაცვის, განათლების, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და იუსტიციის მინისტრებთან.

მირი მიქაელი ისრაელელი საგამოძიებო ჟურნალისტია ტელევიზიაში მუშაობის 17-წლიანი გამოცდილებით. მისი ვებგვერდის თანახმად, მიქაელის გამოცდილება მოიცავს ლექციების წაკითხვას კომუნიკაციების თემებზე, კონფერენციების, ღონისძიებებისა და საზეიმო საღამოების გამართვას ებრაულ და ინგლისურ ენებზე ორგანიზაციებისა და კომპანიებისთვის მსოფლიოს მასშტაბით.