სამართალი
მარგველაშვილმა პრეზიდენტის პეტიციაზე ხელმოწერის პირობა დაასახელა

 საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ პეტიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ მას ხელს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მოაწერს.

პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში 13 დეკემბერს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიწვია. ამ დღეს ის ევროკავშირის ქვეყნების ელჩებისთვის პეტიციაზე ხელმოწერების გადაცემას აპირებს, რომლებიც კამპანიის "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვდა.

მარგველაშვილის თქმით, გასაკვირი იყო, რომ ზურაბიშვილმა თავის საჯარო გამოსვლაში არ ახსენა ყოფილი პრეზიდენტები, რადგანაც „პრეზიდენტები ამ ქვეყანაში ყოველთვის ევროპისკენ იყვნენ ორიენტირებულები".

როდესაც ლაპარაკია ამ პეტიციის წარდგენაზე, მე მიმაჩნია, რომ მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკურად როგორ უყურებ პრეზიდენტს, სააკაშვილის პოზიცია ამ თვალსაზრისით უნდა ნათლად ჩანდეს, ამ ერთიან პოზიციაში. თუ ხელის მოწერა იქნება, ბუნებრივია, მე ასეთ პეტიციას მოვაწერ ხელს, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ასეთ პეტიციაზე ხელს მოაწერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სადაც არ უნდა იყოს ის", - განაცხადა მარგველაშვილმა.

როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ის პატივს სცემს ზურაბიშვილს და ამდენი წლის განმავლობაში არასდროს გაუკეთებია კომენტარი მისი პოლიტიკური პოზიციის გამო, თუმცა ახლა ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვა.

ვალდებული ვარ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დავიცვა... პრეზიდენტმა პრეზიდენტს, პრეზიდენტებს პატივი უნდა სცეს", - აღნიშნა მარგველაშვილმა.