საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 5-7 დეკემბერს გამართულ სხდომაზე წევრი სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე იმსჯელა. კომიტეტმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების სია გამოაქვეყნა, რომლებიც თავის 1483-ე სხდომაზე განიხილა. მათ შორის იყო საქართველოს საქმეები, რომლებიც ლგბტ პირთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობას, ასევე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ორ სახელმწიფოთაშორის საქმეს უკავშირდება.
კანონმდებლობის მიღება, რათა სასამართლომ პროაქტიულად განიხილოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და შექმნას კანონმდებლობის განხორციელების მექანიზმი, ერთ-ერთია იმ 12 პრიორიტეტიდან, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად განუსაზღვრა. ეს პრიორიტეტი ერთ-ერთია იმ სამი პრიორიტეტიდან, რომლებიც ევროკომისიამ შესრულებულად ჩათვალა.
საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, მინისტრთა კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა სახელმწიფო ხელისუფლების წარუმატებლობის გამო დაეცვა ადამიანები ჰომოფობიური ან რელიგიურად მოტივირებული თავდასხმებისგან, ასევე ზოგ ასეთ შემთხვევაში წაქეზებისა და ჩუმი თანხმობის გამო. კომიტეტმა დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი პასუხისგებაში მიცემისკენ, სიძულვილით მოტივირებული ძალადობისადმი ნულოვანი ტოლერანტობის მიდგომის განხორციელებისა და ლგბტი თემის მშვიდობიანი შეკრების უფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. კომიტეტმა ცნობად მიიღო, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების კუთხით პოლიციის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
კომიტეტმა „სინანულით“ აღნიშნა, რომ 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია ადეკვატურად არ პასუხობს ლგბტი თემის საჭიროებებს და მოუწოდა ხელისუფლებას დააჩქაროს სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე მუშაობა და ამ პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩართონ, რათა უზრუნველყონ, რომ დოკუმენტი ყოვლისმომცველ, ინკლუზიურ და შორს მიმავალ ზომებს განსაზღვრავს ლგბტი ადამიანებისა და რელიგიური უმცირესობების საჭიროებების სათანადოდ დასაკმაყოფილებლად“.
კომიტეტმა „მტკიცედ“ მოუწოდა ხელისუფლებას, აჩვენოს, რომ ლგბტი თემისთვის მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა მკაფიო პრიორიტეტია.
საქმეზე „თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“, მინისტრთა კომიტეტმა განიხილა სახელმწიფოს წარუმატებლობა დაიცვას ქალები ოჯახში ძალადობისგან და აწარმოოს გამოძიება სამართალდამცველების უმოქმედებაზე. კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა გენდერული ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფო პასუხისმგებლობის დაწესების სასწრაფო და საფუძვლიანი ქმედების აუცილებლობა. აღიარა რა, რომ კანონმდებლობის კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა ფემიციდის მაჩვენებლების თაობაზე. კომიტეტმა ასეთი საქმეების დამოუკიდებელი და საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ კონკრეტულ შემთხვევებში ზიანის სათანადო ანაზღაურება არ ხდება. იგი მიესალმა ისეთ პრევენციულ ზომებს, როგორიცაა რისკის შეფასების ინსტრუმენტები, თუმცა მათი ეფექტური გამოყენებისთვის ძალისხმების გააქტიურებისკენ მოუწოდა.
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I) საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 2006-2007 წლებში საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრებისა და გაძევების დროს დაშვებულ დარღვევებს ეხება, კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მხრიდან რეაგირების ნაკლებობისა და დაზარალებულებისთვის 11.9 მილიონი ევროს კომპენსაციისა და დარიცხული პროცენტების გადაუხდელობის გამო.
მინისტრთა კომიტეტმა ასევე განიხილა სახელმწიფოთაშორისი საქმე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II), რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს უკავშირდება. ევროპულმა სასამართლომ 2023 წლის აპრილში დაადგინა, რომ რუსეთს საქართველოს ხელისუფლებისთვის სამი თვის ვადაში 129 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. თავის შუალედურ რეზოლუციაში, მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა, რომ არანაირი გადახდა არ განხორციელებულა და რუსეთის ფედერაციის მთლიანი დავალიანება, დარიცხული პროცენტის ჩათვლით, დაახლოებით 133.4 მილიონ ევროს შეადგენს. მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას თანხა დაუყონებლივ გადაიხადოს. მან კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონებში, ცხინვალსა და აფხაზეთში, საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა არ ეძლევათ, და დაჟინებით მოუწოდა რუსეთს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, რომ უზრუნველყოს ისეთი ზომების მიღება, რომლებიც აღკვეთს გატაცების, მკვლელობის, წამების და სხვა ინციდენტებს, რომლებიც აფერხებს საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას და უზრუნველყოს სახლებში დაბრუნების მსურველთა უსაფრთხო დაბრუნებას.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეებზე, რომლებშიც ისინი მხარეს წარმოადგენენ. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას ეროვნული ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ადამიანის უფლებებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.