სამართალი
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს პარტნიორი გახდა

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს შორის პარტნიორობის შეთანხმება შედგა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

შესაბამისი შეთანხმება ბრიუსელში, ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალურ ასამბლეაზე შედგა. ასამბლეა საბჭოს 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.

პარტნიორობის შეთანხმება სანოტარო სფეროში სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის მოქალაქეთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.

თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები, კონფერენციები, სემინარები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ნოტარიუსები. წელიწადში ერთხელ მხარეები განიხილავენ სანოტარო სფეროსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებს: დიგიტალიზაცია, სანოტარო სამართლის განვითარება, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია და სხვ.“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.

პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.

პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.

2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.

2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.

ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.

საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.