აქტუალური
მოსკოვში დღეს ქართველი ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია გაიმართება

Moscow200როგორც აქციის ორგანიზატორები, რუსი რეპორტიორები – სერგეი პონომარიოვი, ვასილ მაქსიმოვი და კირილ ლებედევი– აცხადებენ, აქციის მიზანი ჯაშუშობაში ბრალდებული გია აბდალაძის, ირაკლი გედენიძისა და ზურაბ ქურციკიძის დაკავებასთან დაკავშირებით სამოქალაქო პოზიციის გამოხატვაა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ აზრს, რომ ჩვენი ქართველი კოლეგების დაკავება ჟურნალისტური ფოტომასალების გავრცელების გამო დევნაა. დაკავებულმა ფოტოგრაფებმა თბილისში გაზაფხულზე მიტინგების ძალის გამოყენებით სასტიკი დარბევა და მასობრივი არეულობები გადაიღეს. ჟურნალისტებმა დაჭრილების გადაღება შეძლეს. როგორც ჩანს, ვიღაც გაღიზიანებული და შეურაცხყოფილია იმით, რომ რეპორტიორები მსოფლიოს აჩვენებენ იმას, რაც სინამდვილეში ხდებოდა“, – აცხადებენ რუსი რეპორტიორები.

მათ დაკავებული ქართველი კოლეგების მხარდასაჭერად სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე სპეციალური გვერდიც შექმნეს. მათივე აზრით, „სრულიად შესაძლებელია, რომ ქართველი ფოტორეპორტიორები ვიღაცის ინტრიგების, ცილისწამებისა და ბანალური ადამიანური შურის მსხვერპლი გახდნენ“.

„ქართველი ჟურნალისტები კოლეგების მხარდასაჭერად გამოდიან და საქმისთვის გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას მოითხოვენ. ჩვენ მათ პოზიციას სოლიდარობას ვუცხადებთ და რეპორტიორების დევნის შეწყვეტას მოვითხოვთ“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

 

საქინფორმი