საზოგადოება
თბილისის კორპუსების სადარბაზოებში განათების ახალ სისტემას ამონტაჟებენ

ganaTeba1დედაქალაქის კორპუსების სადარბაზოებში განათების ახალი სისტემის სამონტაჟო სამუშაოებს კომპანია „თბილისი გრუპი“ ასრულებს. სენსორული განათება ეკონომიური და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია. საბინაო ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში განათების სისტემის მონტაჟი თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის საფასურის 10%-ს მოსახლეობა დაფარავს, ხოლო 90%-ს – თბილისის მერია. ნებისმიერ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს, განაცხადით მიმართოს რაიონულ გამგეობას და კორპუსში სენსორული განათება დაამონტაჟოს. კომპანია „თბილისი გრუპი“ აქტიურად თანამშრომლობს თბილისის მერიასთან და მერიის დასაქმების ბაზიდან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე 150 ადამიანი უკვე დაასაქმა.

სამუშაოები ქალაქის ყველა უბანში მიმდინარეობს. კომპანია მზად არის, ქალაქს სრული მასშტაბით მოემსახუროს.

„ჩვენ სამი წელია, ვახორციელებთ პროექტს, რომელიც ასეთ დიდ კორპუსებში ამხანაგობის ჩამოყალიბებას და შემდგომ საერთო სარგებლობის პოზიციების გამოსწორებას ემსახურება, როგორიც არის ლიფტი, სახურავი, კარები და ასე შემდეგ. ამას დაემატა კიდევ ერთი კომპონენტი, ეს არის სადარბაზოებში ეკონომნათურების დამონტაჟება. ის არის ეკონომიური და დაახლოებით 75%-ით იზოგება ელექტროენერგია და, შესაბამისად, ნაკლების გადახდა უწევთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა გიგი უგულავამ ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში დამონტაჟებული განათების ახალი სისტემის დათვალიერებისა და მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

 

საქინფორმი