გინდა-არგინდა, ჩვენი ხელმძღვანელების მრისხანე გამონათქვამები გაგახსენდება რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც, ვიყოთ გულახდილნი, იყიდა კუნძულეთის პატარა ქვეყნის ნაურუს მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარება. და აი, დღეს იმავე დიპტრიუკს უსირცხვილოდ და მორალურ-ეთიკური შეზღუდვის გარეშე...
მაგრამ, უმჯობესია, პირველწყაროს მივმართოთ: “საქართველოს მთავრობის ცნობით, თბილისი ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს კუნძულეთის სახელმწიფო ტუვალუს წყნარ ოკეანეში”.
ტუვალუ თავის მასშტაბით მსოფლიოში მეოთხე მცირე სახელმწიფოა, რომელიც პოლინეზიაში, ორ პატარა კუნძულზეა განთავსებული, რომელთა საერთო ფართობი 26 კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა _ 12 ათასი.
განკარგულება “გაეროში ტუვალუს მუდმივი წარმომადგენლობისთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ” საქართველოს მთავრობამ 10 სექტემბრის სხდომაზე დაამტკიცა. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ფინანსური დახმარების დეტალები, მათ შორის, მისი მოცულობა “შემდგომ მოლაპარაკებათა საგანია”, ამიტომაა, რომ მთავრობის განკარგულებაში დახმარების ოდენობა მითითებული არ არის.
ახლა ის ვთქვათ, თუ რა მიზეზით გადაიდგა ეს ნაბიჯი: “ტუვალუ იმ 50 სახელმწიფოთა შორისაა, რომლებმაც მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ ინიცირებულ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც აღიარებულია ყველა იძულებით გადაადგილებული პირის და ლტოლვილის უფლებას, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საკუთარ სახლებში დაბრუნების შესახებ” (Civil Georgia, თბილისი, 11 სექტემბერი, 2010 წ.).
გაუმართლათ ჩვენს ძმებს ტუვალელებს და, მათთან ერთად, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს, რადგან ჩვენის სახით მოევლინათ მძლავრი და “უანგარო” დონორი, რომელიც თანასწორივით ეპაექრება, იცით ვის? დიახ, დიახ, სწორედ სისხლისმსმელ რუსეთს. პარალელების გავლება და კომენტარის გაკეთება მკითხველებისთვის მიგვინდვია. ჩვენ კი დავფიქრდეთ, რამდენი შეიძლება დაუჯდეს საქართველოს ბიუჯეტს ამგვარი “დიპლომატია”, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ტუვალუს მსგავსი ქვეყანა შესაძლებელია, ათობით იყოს?..
ჩვენი “დერჟავნიკების” გულუხვობა ნაურუელთა მიმართ, თუ არ ვცდები, 50 მილიონ დოლარში ანივთდა. მაგრამ ჩვენ უკანასკნელ პერანგს გავიხდით და ამ ციფრით არ დავკმაყოფილდებით _ გავაორმაგებთ ან გავასამმაგებთ. აბა, ვინა გგონივართ! დავუფასოთ პრეზიდენტს გულუხვობის და ხელგაშლილობის ნიჭი და უნარი.
აი, ბაქო, ჯან, ბაქო!
აი, ამ სატახტო ქალაქში თქვა პრეზიდენტმა ისეთი სწორი და ბრძნული სიტყვა, რომ გაჰკვირდება ნებისმიერი: თხევადი გაზის ტრანსპორტირება პოლიტიკურ იარაღად არ უნდა იქცეს, და ეს მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში!
კი, ზუსტად ასეა საკაცობრიო თვალსაზრისით, მაგრამ სინამდვილეში სხვა კუდს დავინახავთ, თუ გავითვალისწინებთ გადასადგმელი ენერგეტიკული ნაბიჯის ერთგვარ ანტირუსულ ფაქტორს და ამ საქმის წამყვანი ფიგურანტების ამერიკულ გაწვრთნილობას. ამ შემთხვევაში ღონისძიების არც თუ მცირე პოლიტიკური შემადგენელი გააჩნია და მისი უარყოფა უაზრობაა.
ეკონომიკურ ეფექტიანობაზე რა ვთქვათ? აქ გაცილებით რთულადაა საქმე. გავიხსენოთ: აზერბაიჯანული გაზის მიწოდება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე გამავალი, არსებული მილსადენით განხორციელდება. ჩვენთან მოხდება მისი გათხევადება. შემდეგ ტანკერებით გადაზიდავენ კონსტანსცას ნავსადგურში. აქ გადაამუშავებენ გაზად რუმინეთში გამოსაყენებლად ბულგარეთში, უნგრეთში და ა.შ. გადასატუმბად.
ამ ციკლში, ჯერ ერთი, დამატებითი ტექნოლოგიური სირთულეები წარმოიქმნება. მეორე. ბაქოს შეხვედრის მონაწილეებით, შეხვედრის მონაწილეებით, შეხვედრის დროს განცხადებული შენიშვნების გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ, ამ საქმის მიმართ ევროპული სტრუქტურებისა და წამყვანი სახელმწიფოების ინტერესი აშკარად არასაკმარისია. უპირველესად ნახშირწყალბადებით მომარაგების არსებულ სისტემასთან მისი მცირე კონკურენტუნარიანობის გამო. მომავალი ობიექტი, უნდა ვივარაუდოთ, ჯერჯერობით განიხილება როგორც ვარიანტი „ყოველი შემთხვევისთვის“, ხოლო მისი დეკლარირებული ფინანსური ნაწილი „ცენტრალიზებული“ ევროპული დახმარების გარეშე ვერ ჩაითვლება სანდო საყრდენ წერტილად, მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი ხარჯი დაგეგმილია თანაბრად განაწილდეს აზერბაიჯანს, საქართველოსა და რუმინეთს შორის.
ჩვენ ამდენი „თავისუფალი ფული“ (700 ათასიდან 1,5 მილიარდ დოლარამდე) არ გაგვაჩნია. მდიდარი და განათლებული ევროპისვთის მიმართვა, რათა დაინტერესებული მონაწილეობა მიიღოს პროექტში, მხოლოდ ადასტურებს გარკვეული სიძნელეების არსებობას, რომლებიც დაფინანსებაში არსებობს.
რუმინეთმა, რომელიც აქტიურობდა სამიტზე და ხელი მოაწერა დასკვნით დოკუმენტებს, წინა დღით რუსეთის „გაზპრომთან“ ქათინაურების გაცვლაში წაივარჯიშა. მედიით გადმოცემით აღნიშნული ფაქტი ასე ფიქსირდება: „რუმინეთმა დაადასტურა, რომ დაინტერესებულია მონაწილეობა მიიღოს ტრანსეროვნულ გაზსადენის „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობაში“. 10 სექტემბერს „გაზპრომის“ პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ სწორედ ასეთი იყო „გაზპრომის“ დელეგაციის ვიზიტის შედეგები რუმინეთში (REGNUM).
ეს ყველაფერი ადასტურებს უკიდურესად მარტივ ცხოვრებისეულ სიმართლეს: ჯერ კიდევ დიდი მანძილია პროექტის დოკუმენტური ნაწილის შედგენიდან პირველი აგურის ჩადებამდე მის საძირკველში და საწარმოო რეალობამდე. გავიხსენოთ “ნაბუქო” და ის ვნებათაღელვა, რომელიც გაჩაღდა გაზის მიზნობრივი იდეის გარშემო, რომელიც უეჭველად იმსახურებდა ევროპის ყურადღებას. მაგრამ ჩვენს, ჯერ კიდევ მრავალპოლარულ სამყაროში სახეზეა სხვა დინებანიც, მოსაზრებანიც - არ გადაფარონ ეკონომიკური საბანი ორ, სამ მონაწილეს, მით უფრო, - მთელს ჯგუფს. საქმე ის კი არ არის, მიიღებენ თუ არა აზერბაიჯანისა და საქართველოს პროექტს (საერთო ღირებულებით, ზედა შკალის მიხედვით, 4,5 მილიარდი ევრო), დაიძრებიან თუ არა გემების ქარავნები პორტიდან პორტში, არამედ იმის დემონსტრაცია, რომ რიგი ქვეყნებისა მიილტვიან პოლიტიკურ-ეკონომიკური ერთიანობისა და კონფედერაციული მოწყობისაკენ. ჩანს, რომ აზერბაიჯანი და საქართველო მზად არიან, ყოველ ხელსაყრელ მომენტში დაადასტურონ ერთიან სატრანსპორტო-ეკონომიკურ ჯაჭვში - ზღვიდან ზღვამდე - ერთად ყოფნის მზადყოფნა. და დროდადრო ხაზი გაუსვან ისეთი პრაგმატული მეზობლობის მომგებიანობას, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ შემთხვევაში შეეძლება ევროპასაც, აზიასაც და ამერიკას.
ლოგიკა ასეთია: აზერბაიჯანმაც და საქართველომაც, რომლებიც გაზის პროექტის გარეშეც ერთმანეთის პარტნიორები არიან გუამშიც, და მათმა თანამგრძნობმა რუმინეთმაც მსოფლიოვ უნდა შთაუნერგოს მათდამი ინტერესი და პატივისცემა. ძალა ერთობაშია! - ამის დამტკიცებას ცდილობდნენ ბაქოს შეხვედრის მონაწილეები, რომლებიც ფრიად პოლიტიზებული იყო და პირდაპირ ეწერებოდა ოკეანის გაღმელთა სამხრეთკავკასიური პოლიტიკის და გლობალიზაციის ვექტორში. მაგრამ მიმხრობილი უნგრეთის სტრატეგიული მონაწილეობის გარეშე.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისი ორგანიზატორული შემართება სამიტის ჩატარების საქმეში და საზეიმო მჭერმეტყველება შეიძლება განვიხილოთ, როგორც პასუხი რუსეთის აუხდენელი ოცნებებისა გამო და დიდწილად, როგორც რეაქცია რუსეთის პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტზე.
მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი დეტალებია დიდი თამაშისა, რომელიც წამოწყებულია გაზის კიდევ ერთი ახალი პროექტის და რეგიონში მაღალი რანგის ვიზიტების დროშის ქვეშ, ან, შესაძლოა, მსოფლიო დონის ქორების რევანშის მორიგი მცდელობაა ერთბაშად ორ ფრონტზე _ ქართულ და აზერბაიჯანულ ფრონტებზე - აგვისტოს გეოპოლიტიკური დამარცხების გამო. მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა.
“გაზის დოლარების” შემოდინებაზე ქვეყანაში ჯერ ძალიან ადრეა - ობიექტის მშენებლობა ორნახევარ წელიწადს მაინც გაგრძელდება. ჯერ კიდევ დაუდგენელია თანმდევი თემები და, რაც მთავარია, - დაფინანსების წყაროები.
მაგრამ, დაე, თავი იმტვრიონ ამის თაობაზე მათ, ვისაც გაზის კრიზისული პრობლემები აწუხებს. ჩვენთვის კი ეკონომიკური გარღვევა, დანახვისთანავე შეყვარებისა არ იყოს, იოლია: ვიყოთ მაჩანჩალა პარტნიორი, მივსდიოთ სხვის ნებას, განვახორციელოთ საერთაშორისო მნიშვნელობის დავალებები და დირექტივები, ჩვენთვის მომგებიანიც რომ არ იყოს და შევინარჩუნოთ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოჩვენებითობა. რაც, კარგად გამოსდით პირველ პირებს.
მოჩვენებითი გზა დიდი ფულისკენ
დეკლარირებული ტურისტული და სხვა სპონტანურად წამოჭრილი მიმართულებანი, ზოგიერთთა განსაზღვრით, პირველი პირის სურვილში ფესვგადგმული იდეაფიქსია - იყოს მსგავსი ბრწყინვალე მეფის, დავით მეოთხისა - აღმაშენებლის და გარდამქმნელის.
ასე იშვა მორიგი წარმოუდგენელი ჰიპერბოლიზაცია ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების და, შესაბამისად, მოსალოდნელი შემოსავლების.
მაგრამ ყველაზე მასშტაბური ბელეტრისტიკა აგიტპოეზიის ანარეკლით - ზურმუხტოვანი ჩვენი ზღვის ნაპირების შესახებ და პლაჟებიდან სულ რამდენიმე წუთში სათხილამურო ტრასებზე მოხვედრის შესაძლებლობის შესახებ მაღალმთიან სვანეთში, ვერ შეაცდენს გონიერ ადამიანებს.
ჯერ ერთი. ეს უკვე გავლილი გვაქვს და ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში აპირებდნენ ამის გაკეთებას. მაღალმოხელე აფხაზი ამხანაგები ქართველებთან ერთად გაგრიდან თოვლიანი მთებისკენ გეგმავდნენ საბაგირო გზის გაყვანას.
მეორე. ვინ თქვა, რომ ტურიზმი მხოლოდ შემოსავლებია? ღატაკი კუბა აშშ-ის სიძვის სახლის სტატუსით თავის დროზე ცხოვრობდა და ვითარდებოდა მდიდარი სტუმრებისა და ალკოჰოლის მეფის ბაკარდის წყალობით. ან - დღევანდელი საბერძნეთი, რომელსაც აღრჩობს ვალები და ვერ ძღება ევროპის ფინანსური დახმარებით, საერთო აზრით, “მომგებიანი” ტურისტული ბიზნესის ლიდერად არის მიჩნეული.
ტურიზმი საქართველოში, უეჭველად უნდა იყოს პატივდებული დარგი. მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, სამეცნიერო-ეკონომიკური დაპროგრამების საფუძველზე მდგარი და არა პირველი პირისა და მისი მარჯვენა ხელის, ქვეყნის ამჟამინდელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარეის მინისტრის ვერონიკა ქობალიას ზეპირი გამონათქვამების მიხედვით წარმართული ვოლენტარისტული მიმართულება. ალბათ, დროა, ისწავლონ მაღალი თანამდებობის ბატონებმა ტრიბუნებიდან საგნობრივი საუბარი, ეს ერთი. და, მეორე, ილაპარაკონ დასაბუთებულად, გარკვევით და ლოგიკურად და არა ბრბოს ფსიქოლოგიასა და ობსკურანტების ტუზზე გათვლით: რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო სჯერა მისი უჭმელ, თუნდაც ბრძენ ხალხს.
ფული, მანი და ტყვიები
ღირს, ჩვენი ანტიეკონომიკის კიდევ ერთი მაგალიიც აღვნიშნოთ, რომელიც მუდმივად არსებობს და თანაც არა მხოლოდ კვიტრეებისა და თვეების მანძილზე. ეს არის წარმოუდგენლად ფუქსავატური დამოკიდებულება ხაზინის ფულის მიმართ, მნიშვნელოვანი დანახარჯები, მაგალითად, ტურისტული ინფრასტრუქტურის ფრაგმენტებზე, შადრევნების, ხიდების მშენებლობაზე, ქუჩის მხატვრობაზე, მემორიალების დანგრევაზე და მონუმენტური სკულპტურების დემონაჟზე, რაც ვერ ესადაგება ჩვენს ფულად შესაძლებლობებს, ომლებიც ოპტიმუმს ძალიან არის დაშორებული.
ბიუჯეტი, რომელიც უპირველესად ძალოვან სტრუქტურებს ემსახურება და ჩინოვნიკების მაღალ ხელფასებს უზრუნველყოფს, აგრეთვე ზოგიერთ კოსმეტიკურ სოციალურ ასპექტსა და ღატაკურ პენსიებზე იხარჯება, სრულიად არ შეესაბამება საარსებო მინიმუმს, მოსალოდნელ კეთილდღეობას და, რა თქმა უნდა, ჰიპერტროფირებულ სამხედრო ხარჯებს. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში შეიარაღებამ და არმიამ შთანთქა სამ მილიარდამდე ლარი, რაც ხუთდღიანი ომის შედეგებით ქარს გატანილი აღმოჩნდა და გაშიფვრას არ ექვემდებარება. ერთი სიტყვით, ომის მღვრიე წყალში, უნდა ვივარაუდოთ, იმალება ბევრი კრიმინალური ფესვი და სიუჟეტი, რომელთა შესწავლა საჭიროდ არავის მიაჩნია.
მოდით, გვახსოვდეს ეს ყველაფერი.