საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. მონაწილეობას მივიღებთ ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში, სადაც საუბარი იქნება იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას 2023 წელს ჰქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიუსელში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით იმყოფებიან.
სამხარაძის თქმით, შეხვედრებისას საუბარი, მათ შორის, შეეხება რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს.
„ვიზიტისას საუბარი იქნება მომავალ გაფართოებაზე. ელჩებთან საუბარი იქნება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. მოვისმენთ პარტნიორი ქვეყნების ხედვას, თუ როგორ ხედავენ ისინი ნატო-ს სამომავლო გაფართოებას და როდის ივარაუდება ნატო-ს გაფართოება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მძიმე ვითარებაა და, სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ მოკლეს საქართველოს მოქალაქე. ასევე, ხდება გატაცებები. ჩვენი საუბრის თემა ეს საკითხები იქნება, ზოგადად, ასევე, რუსეთიდან მომავალი საფრთხეები“, – განაცხადა სამხარაძემ.