საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გუშინ Invest in Georgia-ს 2020 – 2023 წლების ანგარიშის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს მიერ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით გაწეული სამუშაო შეაფასა და ზოგადად, ამ კუთხით ქვეყანაში არსებულ სურათსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.
„აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მიმართულება ნამდვილად წარმატებული იყო, 2020-2023 წლების სტრატეგია კი, ნამდვილად შედეგზე ორიენტირებული. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ინვესტიციების მოზიდვაა. ზოგადად, ეკონომიკური განვითარების და ეკონომიკური ტრანსფორმაციისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში განსაკუთრებული როლი აქვს“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
მათივე ცნობით, Invest in Georgia-ს 2020 – 2023 წლების ანგარიშის პრეზენტაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საინვესტიციო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა - 2022 წელს მათმა მოცულობამ 2.098 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს პოზიტიური დინამიკა 2023 წელსაც გრძელდება - პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, უცხოური ინვესტიციების მოცულობამ უკვე 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ასევე მრავალფეროვანი და დივერსიფიცირებული იყო გეოგრაფია უცხოური ინვესტიციების როგორც სექტორული სურათი, ისე გეოგრაფია.
„ბევრი სპეკულაციის მიუხედავად, ჩვენი ინვესტიციების გეოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია და ის ერთ ქვეყანასთან არ არის დაკავშირებული. პირდაპირ უცხოური ინვესტიციების 50%-ამდე, ანუ თითქმის ნახევარი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, შემდგომში არის ამერიკის შეერთებული შტატები და სპარსეთის ყურის ქვეყნები. რა თქმა უნდა, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი, ასევე „აწარმოე საქართველოს“ Invest in Georgia-ს გუნდის დამსახურება. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, რ0ომ სამინისტროს საინვესტიციო საქმიანობა და 2020-2023 წლების საინვესტიციო სტრატეგიის განხორციელება წარმატებული იყო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით გაწეული სამუშაოს ეფექტიანობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქართველოში ოპერირება ისეთმა უმსხვილესმა საერთაშორისო კორპორაციებმა დაიწყეს, როგორიცაა - ქიმიური წარმოების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Indorama, მსხვილი ენერგო კომპანიები - TEPCO, MASDAR და სხვები.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ასევე რამდენიმე მსხვილი კომპანია გადაწყვეტილების მიღების პროცესშია.
„ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, არ არის მხოლოდ რიცხვები და შედეგები, ეს არის პირდაპირ დასაქმება და ახალი სამუშაო ადგილები. ამიტომ ამ მხრივაც, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია ინვესტიციების როლი. საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ორი ახალი სექტორი ჩამოყალიბდა - IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი (BPO), რომლებიც დღესდღეობით მნიშვნელოვანი დამსაქმებლები არიან“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის პროგნოზით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით არსებული პოზიტიური დინამიკა მომავალშიც ასევე გაგრძელდება. „ჩვენი მიზანია, რომ ეს მაჩვენებლები რამდენიმე წლის განმავლობაში შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.