სამართალი
შალვა პაპუაშვილი: რუსეთის მოქალაქეების არცერთი შემოსვლა არ ყოფილა, რამაც საფრთხე შეუქმნა უსაფრთხოებას

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. კედელზე ნახატებს დასდევდნენ და ამბობდნენ, რომ ეს არის ნიშნები, სადაც ბომბები უნდა ჩამოვარდეს, შემდეგ აღმოჩნდა, რომ კატა იყო დახატული. ამ დონის ოპოზიცია გვყავს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის მოქალაქეების მიერ ბინების შეძენაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია, მათი აქტივისტი და რამდენიმე „ენჯეო“დღემდე ჩართულია ქსენოფობიური კამპანიის წამოწყებაში.

„გახსოვთ, კედელზე ნახატებს დასდევდნენ და ამბობდნენ, რომ ეს არის ნიშნები, სადაც ბომბები უნდა ჩამოვარდეს, შემდეგ აღმოჩნდა, რომ კატა იყო დახატული. ამ დონის ოპოზიცია გვყავს, კატის ნახატი ჰგონიათ ნიშანი იმისთვის, რომ ბომბი დაეცეს ამა თუ იმ ადგილს. ეს იმ პოლიტიკის და პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც ზოგიერთი ჯგუფის დაკვეთით აწარმოებს.

რაც შეეხება, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნას, წელიწადი და ნახევარი გავიდა, არცერთი ექსცესი არ ყოფილა, მათ შორის რუსეთსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის. ეს აჩვენებს, რომ რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია, ან საქართველოსთან აქვთ კავშირი, გამოექცნენ იმ ომს, რომელიც რუსეთმა დაიწყო. საზღვარზე კონტროლი სათანადოა უსაფრთხოების სამსახური მიერ. არცერთი ისეთი შემოსვლა არ ყოფილა, რამაც საფრთხე შეუქმნა უსაფრთხოების გარემოს. ზოგადი კონტროლი ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობას შიგნით უმაღლეს დონეზეა. არცერთი ინციდენტი არ ყოფილა, სადაც რუსეთის მოქალაქეები იქნებოდნენ ჩართულები. სამწუხაროდ, პირიქით ხდებოდა, ოპოზიცია და მისი აქტივისტი, რამდენიმე „ენჯეო“დღემდე ჩართულია ქსენოფობიური კამპანიის წამოწყებაში, რათა გააჩინონ სიძულვილი ადამიანების მიმართ მათი ეთნიკურობიდან გამომდინარე. ვხედავთ, რომ ქსენოფობიური კამპანიების წამოწყების სურვილია. საზოგადოება არცერთ პროვოკაციულ კამპანიას არ აჰყვა“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.